ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის შემდეგ საქართველო დატოვა, თუმცა ამბობს, რომ გეგმური ვიზიტი აქვს და მალე დაბრუნდება.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ლევან დავითაშვილი ამ წუთებში ქვეყანაში არ არის“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მას შემდეგ, რაც „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია დავითაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. უწყებაში დეტალები არ დააკონკრეტეს.
თავად ლევან დავითაშვილმა bm.ge-ს უთხრა, რომ გეგმური ვიზიტი აქვს და კვირის ბოლოს დაბრუნდება.
„ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა“, — თქვა მან.
17 თებერვალს ლევან დავითაშვილი, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ჩიქოვანთან ერთად, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საუბარი შეეხებოდა საქართველოს მონაწილეობას ევროპის გაზით მომარაგებაში და ამასთან დაკავშირებულ რისკებს.
„ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს ან არ ქმნიდეს. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ ის, მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო“, — განაცხადა დავითაშვილმა.
ყოფილი ვიცე-პრემიერის კომენტარს მალევე პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით უპასუხა სუსმა.
„დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი! თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ“, — განუცხადა სუსმა „იმედს“.
რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
