საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მარიამ ქვრივიშვილმა შეცვალა

24 ივნისი, 2025 •
ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მარიამ ქვრივიშვილმა შეცვალა

„ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მარიამ ქვრივიშვილმა შეცვალა.

„მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილების წარდგენისას.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი კობახიძის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ლევან დავითაშვილი. სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან დავითაშვილი 2016 წლიდან იყო მინისტრთა კაბინეტის წევრი. იგი პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ირაკლი კობახიძის მთავრობაში.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს, ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მისცა, წლების განმავლობაში, მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ემუშავა.

„ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად დაუვიწყარია, როდესაც ემსახურები ჩვენს ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო მის განვითარებაში“, — განაცხადა დავითაშვილმა და წარმატებები უსურვა მარიამ ქვრივიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი