დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ყინულის ნატეხი“ უწოდა გრენლანდიას და მოითხოვა „დაუყოვნებელი მოლაპარაკებები“ კუნძულის შესყიდვაზე, თუმცა თქვა, რომ არ აპირებს ძალის გამოყენებას.
ნატოზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ალიანსს ძირითადად შეერთებული შტატები აფინანსებდა, თუმცა ბლოკი აიძულა, თავდაცვის ხარჯები 5%-მდე გაეზარდა.
„ჩვენ არასდროს არაფერი გვითხოვია და არ მიგვიღია. სავარაუდოდ, ვერც ვერაფერს მივიღებთ, თუ ძალის გამოყენებას არ გადავწყვეტთ, სადაც შეუჩერებლები ვიქნებით. მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ახლა ყველამ ამოისუნთქა. ეს, ალბათ, მთავარი განაცხადია, რადგან ხალხს ეგონათ, ძალას გამოვიყენებდი. მე არ მინდა და არ გამოვიყენებ ძალას. აშშ მხოლოდ ითხოვს ადგილს, რომელსაც გრენლანდია ჰქვია. ჩვენ ის უკვე გვქონდა, მაგრამ დავუბრუნდეთ დანიას“, — განაცხადა ტრამპმა.
მან გრენლანდიას უწოდა „ყინულის ნაჭერი“, რომელიც, ისე მოხდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს.
ტრამპმა თქვა, რომ ცდილობს დაუყოვნებელ მოლაპარაკებებს, რათა კიდევ ერთხელ განიხილოს შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის შესყიდვის საკითხი.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ევროპა და თქვა, რომ ის არასწორი მიმართულებით ვითარდება.
„მე მიყვარს ევროპა. მე მაქვს უძრავი ქონება ევროპაში. მაგრამ შეხედეთ, რა ხდება. ის არასწორი მიმართულებით მიდის. ზოგიერთ ამ ქალაქში ვერც კი ხვდები, რომ ჯერ კიდევ ევროპაში ხარ. ეს სევდიანია. და ნატო? ჩვენ ნატო-სგან, პრობლემების გარდა, არაფერს ვიღებთ“, — თქვა ტრამპმა.
ის შეეხო კანადის პრემიერის სიტყვას დავოსში და თქვა: „ის კარგი ბიჭია, მაგრამ ჩვენით სარგებლობს. კანადა შეერთებული შტატებისგან უამრავ რამეს უფასოდ იღებს. ჩვენ ვიცავთ მათ, ჩვენ ვვაჭრობთ მათთან, ისინი კი ამას არ აფასებენ. უფასო მგზავრობა დასრულდა“.
გრენლანდიის კრიზისი: ტრამპის მუქარა ტარიფებით და ევროპის რეაქცია
