საზოგადოება

გრენლანდიის კრიზისი: ტრამპის მუქარა ტარიფებით და ევროპის რეაქცია

18 იანვარი, 2026 •
გრენლანდიის კრიზისი: ტრამპის მუქარა ტარიფებით და ევროპის რეაქცია

დღეს, 18 იანვარს, ევროკავშირის ელჩები საგანგებო შეხვედრას გამართავენ მას შემდეგ, რაც გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 ქვეყანას ტარიფებით დაემუქრა.

ტრამპის თქმით, 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს დაეკისრება 10%-იანი ტარიფი აშშ-ში ექსპორტირებულ ნებისმიერ საქონელზე, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან კი ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.

„ეს ტარიფი ძალაში იქნება მანამ, სანამ არ მიიღწევა შეთანხმება გრენლანდიის სრულ და საბოლოო შესყიდვაზე. შეერთებული შტატები 150 წელზე მეტია, ცდილობს ამ ტრანზაქციის განხორციელებას. ბევრმა პრეზიდენტმა სცადა ეს და კარგი მიზეზითაც, მაგრამ დანია ყოველთვის უარს ამბობდა. ახლა, „ოქროს გუმბათისა“ და თანამედროვე თავდაცვითი თუ თავდამსხმელი შეიარაღების სისტემების გამო, მისი შეძენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ტრამპის მუქარა გააკრიტიკეს ევროპელმა ლიდერებმა.

„ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია. ისინი აუცილებელია ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს, მათ შორის ნატოს მეშვეობით. მოკავშირეებთან ერთად ჩატარებული წინასწარ კოორდინირებული დანიური წვრთნები პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს. ევროპა ერთიანი, კოორდინირებული და თავისი სუვერენიტეტის დაცვის ერთგული დარჩება“, — ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება სრულიად გაუმართლებელია. მისივე თქმით, გრენლანდიის მომავალი „გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა“.

„არც დაშინება და არც მუქარა ჩვენზე გავლენას არ მოახდენს“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ტარიფების მუქარას „მიუღებელი“ უწოდა.

ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი მუშაობს ევროპის რეაგირების კოორდინაციაზე და მოითხოვს, რომ ევროკავშირმა გაააქტიუროს თავისი „იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი“, თუ შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში ტარიფებს დააწესებს. ეს არის ევროკავშირის მექანიზმი ეკონომიკური შანტაჟის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს საპასუხო ტარიფებს, ვაჭრობის და ინვესტიციების შეზღუდვას.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ახალი ტარიფების დაწესება შეცდომა იქნებოდა. მისი თქმით, ესაუბრა ტრამპს და თავისი პოზიცია გადასცა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ტრამპის გაზრდილი ზეწოლის ფონზე, გრენლანდიაში წვრთნებისთვის სამხედროები გაგზავნა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს „მცირე სამხედრო განლაგება“ აშშ-ის წინააღმდეგ არ იყო გამიზნული და ამ საკითხზე ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციის პრობლემა არსებობს.

ტრამპი ირწმუნება, რომ აშშ-ის შემადგენლობაში შესვლა ჩინური და რუსული ინტერესებისგან გრენლანდიის დაცვის ერთადერთი საშუალებაა.

„ჩინეთი და რუსეთი, ალბათ, ზეიმობენ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. თუ გრენლანდიის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშაა, შეგვიძლია, ეს საკითხი ნატოს ფარგლებში გადავჭრათ. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს ქმნის და ჩვენს საერთო კეთილდღეობას უთხრის ძირს. ასევე, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი ამოცანიდან — დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებაში“, — დაწერა X-ზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

ამავდროულად, გუშინ გრენლანდიასა და დანიაში ათასობით ადამიანი გამოვიდა ტრამპის გეგმების გასაპროტესტებლად.

მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძული გრენლანდია, რომელიც დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა, წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ წერტილს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის, არქტიკის რეგიონში. აშშ-ს გრენლანდიის შესყიდვის იდეა წარსულშიც არაერთხელ ჰქონია, მათ შორის დონალდ ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში.

გრენლანდიაში ფუნქციონირებს აშშ-ის სტრატეგიული სამხედრო ბაზა Pituffik Space Base (ყოფილი Thule), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სარაკეტო თავდაცვისა და კოსმოსური მონიტორინგის სისტემებში.

დანია და გრენლანდიის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამენ, ნატოს ჩარჩოებში, შეერთებულმა შტატებმა გაზარდოს სამხედრო ყოფნა კუნძულზე, თუმცა არა გრენლანდიის შესყიდვისა და ანექსიის გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი