სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური უარყოფს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებას.
„იმედი“ გომელაურის განცხადებას, როგორც „ექსკლუზივს“ ავრცელებს.
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!“, – აცხადებს გომელაური „იმედის“ თანახმად.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. “ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
