ეუთო/ოდირი მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნის. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, მათ თბილისიდან მიწვევა ისეთ დროს მიიღეს, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი. ეს კი, ეუთო/ოდირის განცხადებით, არასაკმარისი დროა სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.

„არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე გამოგვიგზავნოს მოწვევა, ხელს უშლის მნიშვნელობის მქონე დაკვირვებას. ODIHR-ს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განლაგების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“.

ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს, ODIHR-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება. წარსულში, ODIHR-მა საქართველოდან დროული მოწვევები მიიღო 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად.

“როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობის, ფუნდამენტურ თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით”, – აცხადებენ ეუთო/ოდირში.