დღეს, 29 აგვისტოს, ირაკლი კობახიძის მიერ დასვენების დღედ გამოცხადებულ თარიღში, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 სინდისის პატიმრის საქმის მორიგი სხდომა შედგა.
რეჟიმი და სასამართლო ჩქარობს. განაჩენი 5 სექტემბრამდეა გამოსატანი, სანამ ბრალდებულების დაკავების დღიდან 9 თვე შესრულდება. ჩქარობენ იმიტომ, კანონის შესაბამისად, გური მირცხულავას, ირაკლი ქერაშვილის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილის, ვაკო თეთრაშვილის, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, სერგეი კუხარჩუკის, რეზო კიკნაძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოუწიოთ, თუნდაც რამდენიმე დღით.
29 აგვისტოს ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვების თქმა დაასრულეს. საბოლოო სიტყვა თქვა რეზო კიკნაძემაც, რომელსაც, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისგან უკვე თვეების წინ გაძევებულს, დღეს პირველად მიეცა სხდომაზე დასწრების საშუალება.
ერთ-ერთი ადვოკატი, რომელმაც დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა, გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძეა. მის სიტყვას ისეთი ტაში მოჰყვა დარბაზში, ნინო გალუსტაშვილი სხდომის დახურვითაც დაგვემუქრა მორიგჯერ.
„როცა ვამბობდით, რომ ბიჭები არიან „პოლიტპატიმრები“, „რეჟიმის ტყვეები“, ეს არის სიმართლე. მაგრამ არის კიდევ ერთი ტერმინი — ყველა სისხლის სამართლის საქმეს სჭირდება სახელი. ეს არის „გამარჯვებული ბიჭების საქმე“, ეს არის „გამარჯვებული ბიჭების სხდომა“.
- ძმები ტერიშვილების [გია და მამუკა. გია ერთ-ერთი ბრალდებულია. მისი ძმა კი, 17 წლის ასაკში საქართველოს დროშით ხელში მოკლეს 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე] სახელს ამ ქვეყნის ისტორია შეინახავს სამარადჟამოდ.
- გამარჯვებულია ონისე [ცხადაძე], შესვით გალიაში, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეთ მის იუმორს.
- გამარჯვებულია ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ციხეშიც არ შეუწყვეტია მწვერვალების დაპყრობა.
- გამარჯვებულები არიან უკრაინელები [რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი], რომლებიც არსად და არასდროს წყვეტენ სწორ, სინათლის მხარეს დგომას.
- გამარჯვებულები არიან ლუკა ჯაბუა და ვაკო თეთრაშვილი, მათი ნათელი მომავალი რომ მოვა, ეცოდინებათ ის მსხვერპლი, რაც ამისთვის გაიღეს.
- გამარჯვებულია რეზო კიკნაძე. რეზო კიკნაძის ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმოდა აქ, მაშინაც კი, როცა აქ არ იყო.
- გამარჯვებულია იკა ქერაშვილი, რომელსაც გარეთ ელოდებიან ქეთი და ქეთუნა [და და ცოლი].
- გამარჯვებულია ჯანო არჩაია, როცა გაიზრდებიან მისი შვილიშვილები, გამართულები ივლიან ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს ქუჩებში, ამაყად, ხმამაღლა იტყვიან, რომ მათი ბაბუა არის მარადიული ჯარისკაცი, რომელსაც არ შეუწყვეტია ბრძოლა ამ ქვეყნისთვის.
- გამარჯვებულები ვართ მე და გური მირცხულავა, რადგან ჩვენი შრომით შევინარჩუნეთ დისციპლინა და წაგართვით გადაწყვეტილების მიღების უფლება, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გამოაცხადოთ იგი [მიმართავს მოსამართლეს].
- მე ვარ ცალკე გამარჯვებული ადამიანი, რომელსაც მომეცა საშუალება, რომ ამ ბიჭების გვერდით მებრძოლა.
დავასრულე დასკვნითი სიტყვა, პროკურატურა უკვე დავასრულე, მგონია. გამოდით [მიმართავს ისევ მოსამართლეს] შემდეგ სხდომაზე და თქვით, რომ ეს ბიჭები თავისუფლები არიან.“
ეს დასკვნითი სიტყვის ფინალი იყო. ნეტგაზეთი ადვოკატის დასკვნით სიტყვას, თითქმის სრულად და ყველა მთავარი აქცენტით გთავაზობთ.
„ბრალდების პოზიცია აბსურდია. აბსურდს საწინააღმდეგო არ გააჩნია. ჩემს დასკვნით სიტყვაში, დაგიმტკიცებთ, რომ ბრალდების მტკიცებები აბსურდია.
გავაკეთოთ დაშვება, რომ ბრალდების პოზიცია სიმართლეა, გური მირცხულავამ და ჯანო არჩაიამ რაც ჩაიდინეს, არის სიმართლეა.
გამამტყუნებელ განაჩენში [მიმართავს მოსამართლეს], როცა იპოვით შესაბამის დროს, თქვენს სავარძელში დაბრძანდებით, ხელში კალამს მოიმარჯვებთ ან ლეპტოპს გაშლით, როგორც გენებოთ, უნდა დაწეროთ არგუმენტები, რაც მოისმინეთ და გაიზიარეთ.
ჩემი კითხვაა, რა უნდა დაწეროთ? ვინ აორგანიზებდა ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას, რა საშუალებით აორგანიზებდა, როგორ? რა არის გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას შორის თუნდაც ნაცნობობის მადასტურებელი მტკიცებულება? რა ნეიტრალური მტკიცებულება გქონდათ? რა საგანი ისროლეს მაინც ჯანომ და გურიმ? რა იყო ეს მძიმე საგანი? რას უხერხებთ ექსპერტ მარიკა ტოკლიკიშვილის დასკვნას, რომ გური მირცხულავას არავისთვის უსვრია? რას უხერხებთ დასკვნას, რომ ჯანო არჩაიას ხელში საგნის რაობის დადგენა შეუძლებელია და მისი ნასროლი არავის მოხვედრია?
პასუხები აქ არ გვაქვს. ბრალდებამ თქვა, რომ 200-მდე უტყუარი მტკიცებულება ჰქონდათ. რა მოხდა სინამდვილეში? მხოლოდ 14 დაზარალებული გამოვკითხეთ, შაბლონური, იდენტური ტექსტებით. ინდივიდუალურად გავივლი, რატომ არ არიან რელევანტური საქმესთან. მოგასმენინეს მხოლოდ პოლიციელები, გამომძიებლები, რომელთაც სასაცილოდ გაიხადეს აქ თავი. შედარებით ღირსეულები თვითონვე აღიარებდნენ, რომ მტკიცებულებები არ მოუპოვებიათ. და პროკურატურამ მერე თვითონვე თქვა მტკიცებულებებზე უარი, რასაც ეყრდნობა ბრალდება. ბრალდებამ მოგატყუათ! ვერ შეასრულა თავისი დაპირებები. თქვენ ნახავთ ბრალდების დასკვნით და შესავალ სიტყვებს, რომ ისინი ერთმანეთის იდენტურია და ბრალის დადგენილებაა, მეტი არაფერი.დაცვის მხარემ შევასრულეთ ყველა ჩვენი დაპირება.“
მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა
„ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, თუნდაც ეს 20 და 30 წლის შემდეგ მოხდეს, უნდა შესაძლებელი იყოს კონტექსტის აღქმა.
5 დეკემბრიდან [დაკავების დღე] 29 აგვისტომდე [დღევანდელი, ბოლო სხდომის თარიღი], გარდა მართლმსაჯულების ფორმალური პროცესისა, მიმდინარეობდა დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც დირიჟორობდა ირაკლი კობახიძე, რომელიც არაერთხელ დაესხა თავს ბრალდებულებს, არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, სცადა პროცესზე უხეში გავლენის მოხდენა, თქვენს გადაწყვეტილებაზე კონტროლის აღება. ამ ადამიანის განცხადებები ერთვის ჩემს წერილობით დასკვნით სიტყვას. განცხადებები, სადაც ის ბრალდებულებს დამნაშავეებად და უსინდისოებად მოიხსენიებს.
პროპაგანდამ არ იკმარა მათზე თავდასხმა და გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეზღუდულიყო სხდომების გაშუქება. ამავე საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა ალტერნატიული გზები სხდომების გასაშუქებლად, მაგრამ დღემდე, არაერთი მიმართვის მიუხედავად, უზენაეს საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება გაშუქებასთან დაკავშირებით და ამან შეზღუდა ბიჭების დაცვის უფლება, შეზღუდა საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება. ანუ არ დასრულებულა დისკრედიტაციის კამპანია ბრალდებულების მიმართ.
პროსახელისუფლებო მედიები ტირაჟირებდნენ პოლიტიკური ფიგურების თავდასხმებს ბრალდებულებზე და ცდილობდნენ, ამით ეს მოსულიყო თქვენამდე და საზოგადოებამდე, მესიჯი, რომ ხელისუფლების ინტერესი გამამტყუნებელი განაჩენია ამ საქმეზე. ამის დასადასტურებლად, წარმოდგენილი გვაქვს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში.“
[ამის შემდეგ, ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოკლედ მიმოიხილა ანგარიშები ეუთოდან და მისი შემადგენელი წევრებისგან, გაეროდან, Amnesty International-ის დასკვნები, HRW-ის ანგარიში, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე პროტესტის მონაწილეების მიმართ, საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობაზე მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მედიის შეზღუდვებზე.
ადვოკატმა ასევე ახსენა „ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სახალხო დამცველი“, რომლის ანგარიშშიც კი საუბარია პოლიციის მხრიდან ძალების გადამეტებაზე და დემონსტრანტების წამების მსხვერპლობაზე.
წამების წინააღმდეგ კონსორციუმმა კი განმარტა, რომ დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდათ დემონსტრანტებს, დაკავებულებს, არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაპირისპირების შედეგი და ეს წამების შედეგია.]
„როცა თქვენ განიხილავთ, რამდენად იყო ჩადენილი თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც, თითქოს, მართლწესრიგი უნდა დაემყარებინათ, შეაფასეთ ეს დასკვნები, 688 გვერდზე აღწერილია პოლიციის მხრიდან ძალადობა და ადამიანების წამება 28 ნოემბრიდან 6-7 დეკემბრის ჩათვლით“, — მიმართა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოსამართლე გალუსტაშვილს.
ბრალდებულების 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა, როგორც პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის ნიშნით დევნის იარაღი
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ისაუბრა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე თავიდან, შემდეგ მრავალგზის განხილვაზე ამ თემასთან დაკავშირებით და ბრალდებულებისთვის პატიმრობის გაგრძელებაზე. კიდევ ერთხელ და მორიგჯერ, როგორც ეს აქამდეც არაერთხელ განხილულა 11 პირის [და არამარტო] საქმეზე, აღნიშნა, რომ პატიმრობა ყველაზე მკაცრი ზომაა აღკვეთის ღონისძიებისა და სრულიად დაუსაბუთებლად იყო შეფარდებული 11 ბრალდებულთან.
„თქვენ უკანონოდ გააგრძელეთ ბიჭების პატიმრობა“, — მიმართავს ადვოკატი მოსამართლეს და უსაბუთებს, რომ საამისოდ მას სამართლებრივი საფუძვლები არც ჰქონდა.
აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
სასამართლოს არც კი უმსჯელია აღკვეთის ღონისძიების ნაკლებად მძიმე და ნაკლებად მკაცრ ზომებზე, არ გაუთვალისწინებია ბრალდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და გარემოებები, რაც გამორიცხავდა მათ მიმართ იმ საფრთხეების არსებობას, რაც პატიმრობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. არ გაუთვალისწინებია, როცა ეს საფრთხეები, მათ რომ რეალურად ეარსებათ, პროცესის მსვლელობისას თავისთავად მოიხსნა.
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, მთელი ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დისკომფორტს განიცდიდით, როცა ბიჭებს პოლიტპატიმრებს ვეძახდით, ვერასდროს იპოვეთ დრო, რომ თქვენ მიმართ საჯაროდ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით გამოგეთქვათ კრიტიკა. გამოგეთქვათ კრიტიკა, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა სრულიად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენდა“, — მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.
გამოძიება, როგორც დევნის ინსტრუმენტი
„გამოძიება უნდა ჩატარდეს ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად. სრული კოლაფსი და კატასტროფა განიცადა ბრალდების მხარემ, რადგან მათ არასოდეს უკვლევიათ დანაშაულის ჩადენის აქტი და კონკრეტული ბრალდებულების წინააღმდეგ აწარმოეს მიზნობრივი დევნა და დისკრედიტაცია. ამის ნათელი მაგალითია, რომ 9 თვის თავზეც, არაა პასუხისგებაში მიცემული არცერთი სამართალდამცველი, რომელიც სწორედ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში იყო ჩართული. ცხადად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ეს იმაზე, რომ სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდა არა 2024 წლის 28 ნოემბრიდან ამავე წლის 10 დეკემბრამდე განვითარებული მოვლენების სისხლის სამართლებრივ კონტექსტში შეფასება, არამედ, იზოლირებულად ცალკეული პირების დევნა სისხლის სამართლის ორგანოთა გამოყენებით და შესაბამისად, ფაქტებისა და მტკიცებულებების შეგროვება ხორციელდებოდა არა შემთხვევისა და დანაშაულის ირგვლივ, არამედ კონკრეტულ სახელებთან და გვარების შემდგომი დევნის მიზნით.
ბიჭებს პროკურორები ბრალდებას უყენებენ სახელმწიფოს სახელით. ჯამში, სახელმწიფომ ვერ შეასრულა ვალდებულება, ჩაეტარებინა ობიექტური, სწრაფი, მიუკერძოებელი გამოძიება. შეჯიბრებითობის პრინციპი, სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დარღვეული იყო იმთავითვე და გრძელდება დღემდე.
გარდა იმ ვალდებულებისა, რომ ყველა ეჭვი წყდება ბრალდებულების სასარგებლოდ, თქვენ უნდა შემოიტანოთ ყველა ეს ეჭვი და დაუთმოთ მას ერთი აბზაცი მაინც თქვენს გადაწყვეტილებაში.
მაგალითად, ჯანო არჩაია დაკავებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე, მაგრამ ეს არ ასახავს რეალურად განვითარებულ მოვლენებს. ჯანო არჩაიას შესაძლო დანაშაულში მონაწილეობა და ადგილსამყოფელი დაკავების დღეს გამოძიებისთვის ცნობილი გახდა კონფიდენტის ინფორმაციის საფუძველზე.
პატაკის მიხედვით, ჯანო არჩაია იმყოფებოდა კონკრეტულ ადგილას, ლიბანის ქუჩაზე და გადაადგილდებოდა თავისი კუთვნილი მანქანით. ბრალდება გიმტკიცებდათ, რომ პატაკის გაცნობის შემდეგ, გამოჰკითხეს პატაკის ავტორი, მოამზადეს შუამდგომლობა, მიმართეს სასამართლოს 15:26 საათზე, მიიღეს ნებართვა ჯანო არჩაიას დაკავებაზე, ჩაატარეს მისი პირადი, ავტომობილის და სახლის ჩხრეკა. ეს ყველა პროცედურა განახორციელეს ისე, რომ პატაკში რომ დაწერეს, დილით ლიბანის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებაო, საღამოსაც იქ გადაადგილდებოდა თურმე. ამაში გარწმუნებენ.
სინამდვილეში, ჯანო არჩაია და მისი შვილი დააკავეს დილის 11-დან 12 საათამდე და უკანონო ტყვეობაში ჰყავდათ მთელი ამ დროის მანძილზე. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულია.
გამოძიების ეტაპზე არ დასრულებულა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი. თქვენ იყავით ის მოსამართლე, რომელმაც გააგრძელა უფლებების დარღვევა, მათ შორის სახაზინო ადვოკატების დანიშვნის სახით, ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის გარეშე. პირველ რიგში, მე საზოგადოებრივ ადვოკატებს მადლობას ვუხდი ცხადი და სწორი პოზიციისთვის, მაგრამ მათი დანიშვნით, თქვენ დაარღვიეთ ბრალდებულების უფლება. თქვენ ჩაერიეთ დაცვის უფლებაში. გავლენა მოახდინეთ მისაღებ გადაწყვეტილებაზე.“
ბრალდება, პროკურატურისა და დაცვის მტკიცებულებები
[ადვოკატმა მიმოიხილა წარდგენილი ბრალი, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფები მძიმე საგანს ისროდნენ სამართალდამცველების მიმართულებით. ჯანო არჩაიას 29 ნოემბრის ეპიზოდს ედავებიან, გური მირცხულავას — პირველი დეკემბრის ეპიზოდს.
ბრალდების მიხედვით: ჯანო არჩაია „აქტიურად მონაწილეობდა რა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, მძიმე საგანს ესროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“. იდენტური ჩანაწერია გური მირცხულავაზეც.]
„საინტერესოა, რომ ტექნიკური შემოწმების შედეგად, ვადგენთ, რომ გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიასთვის წარდგენილი ბრალდების დადგენილების 99.6% იდენტურია და განსხვავდება მხოლოდ 0.4%, რაც არსებითად სახელებსა და გვარებს წარმოადგენს. იდენტურია გრამატიკული შეცდომები და ტავტოლოგიებიც კი“, — თქვა ადვოკატმა.
[ადვოკატი მიმოიხილავს წარდგენილი ბრალდების აბსურდულობას და აცდენას რეალობასთან, თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ე.წ. მტკიცებულებებთან. ორგანიზებულ ჯგუფს სჭირდება რამდენიმე პირის წინასწარი კავშირი, ორგანიზატორი, მათ შორის როლების განაწილება და სხვა კომპონენტები, რომელთაგან ვერცერთის დამადასტურებლად პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.]
შუალედური დასკვნის სახით: ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარე ვერ უზრუნველყოფს ორგანიზებული ჯგუფის არსებობის ფაქტის დადასტურებას.
კერძოდ: სტაბილურობასა და ხანგრძლივ არსებობას; წინასწარ შეთანხმებასა და დანაშაულებრივი განზრახვის არსებობას; როლების მკაფიო განაწილებას (ორგანიზატორის, შემსრულებლისა და დამხმარეს გამიჯვნას); მიზანმიმართული არაერთჯერადი საქმიანობის განზრახვის დადასტურებას.შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს დანაშაული ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
[ადვოკატმა დეტალურად მიმოიხილა ის ელემენტები, რაც სახეზე უნდა იყოს, რომ ბიჭებისთვის წარდგენილი ბრალი, 225-ე მუხლი დადასტურდეს და დამნაშავედ იქნან ცნობილნი. ეს ელემენტებია: ძალადობა (გამოიხატება ცემაში, სხვის მსუბუქ ან მძიმე დაზიანებაში, კარის შემტვრევაში); რბევა (არარელევანტურია ბრალდებულებთან და წარდგენილ ბრალთან); სხვისი ნივთის დაზიანება (ასევე არარელევანტურია თავად ბრალდების მხრისგანვე); ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა იარაღის გამოყენებით.
ადვოკატი ამბობს, რომ არცერთი ეს ელემენტი არ არის წარმოდგენილი ბრალდებულთა ქცევაში და ის პირები, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე, ემუქრებიან გაუპატიურებით, სიცოცხლის ხელყოფით, 500-მდე ადამიანია მათი ძალადობის მსხვერპლი, ვერ ჩაითვლებიან სამართალდამცველებად. ნებისმიერი ის მოქმედება, რაც ჩადენილია ბრალდებულების მხრიდან, არის პასუხი მოძალადეებზე.
მუხლის შემდეგი ელემენტი თავდასხმაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ისეთ აგრესიულ აქტს, რომელიც მიმართულია პირის ჯანმრთელობის, სიცოხლის ან ქონების დაზიანებისკენ. ადვოკატი ამბობს, რომ ბავშვიც ვერ მოიფიქრებდა და ბავშვიც ვერ დაიჯერებს იმას, რომ მძიმე საგნებს ისროდნენ ბრალდებულები.]
„უკეთესი ტერმინი ვერ მოიფიქრეს? რას ნიშნავს მძიმე? ვისთვის მძიმე, ჩემთვის თუ ლაშა ტალახაძისთვის? მძიმე რამდენია 3 კილო თუ 10?
მე, როგორც ლექტორი, ჩემს სტუდენტს ბრალდების ამ დადგენილებაში, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ქულას არ დავუწერდი. ფორმალურად არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა. მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულებაა საჭირო ბრალის დასადასტურებლად.
მოწმეებზე გადავალ: თქვენ ვერ იხელმძღვანელებთ იმ მოწმეებით, რომლებიც აქ არ გამოკითხულან. ვერ იხელმძღვანელებთ სამედიცინო დასკვნებით, სადაც დაუდგენელია, როდის მიიღეს დაზიანებები ადამიანებმა. საქმეში მასალებად არის ჩადებული ფურცლებზე გადაღებული ფოტოები, სადაც თითები ჩანს. ცალკე მაინც რომ შევხვდებოდი პროკურორებს, თქვენ ადგილას, მკაცრად გავკიცხავდი. რა ხარისხისაა ეს დაზიანებები, რამდენად შესაბამისია 225-ე მუხლთან?!“
[ადვოკატი მიმოიხილავს დაზარალებულ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ან სხვა დღეს იყვნენ პარლამენტთან, როცა ჯანო და გური იმყოფებოდნენ, ან დაზიანება მიიღეს სხვა ადგილას და სხვა კონტექსტში.
„დაზარალებული არ გვყავს“, — ამბობს ფურცელაძე და იხსენებს გამომძიებელ გოგიტა ხარამაშვილის ჩვენებას, რომელმაც თქვა, რომ ჯანო არჩაია იცნო მწვანე ქურთუკით და თითქოს, ამოიღო კიდეც მწვანე ქურთუკი მისგან. ამ დროს, ექსპერტი ვალერიან მესხი ამბობს, რომ მან ჯანო არჩაიას იდენტიფიცირება მოახდინა სახით და მას აცვია მოშავო ქურთუკი, ხოლო მის გვერდით ვიდეოში ფიგურირებს მწვანექურთუკიანი მამაკაცი.]
„იდენტიფიცირებულია სხვა პირი და შესაბამისად, ბრალის დადგენილებას საფუძვლად სხვა პირის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერილობა უდევს“, — ამბობს ომარ ფურცელაძე.
[ადვოკატი იხსენებს გამომძიებელ ლევან ნიჟარაძის ჩვენებას, რომელსაც უხდის მადლობას, რადგან მან სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ნასროლი საგანი რომ მძიმეა, მისი პირადი აღქმაა, რაც არაფერს ეფუძნება. იხსენებს ასევე გამომძიებელ დავით ქიტიაშვილის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში ამტკიცა, რომ ფიზიკის კანონების ცოდნით დაადგინა, თითქოს ნასროლი საგანი მძიმეა.
ომარ ფურცელაძემ მოიტანა სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოდან ამონარიდი, როგორ დგინდება ნასროლი საგნის სიმძიმე. რაც ცხადს ხდის, რომ პოლიციელი ვერანაირი ფიზიკის კანონებით ვერ დაადგენდა საგნის სიმძიმეს.
„ცუდი ადამიანია, ცუდი პოლიციელი, ცრუმოწმე და შესაბამისად დამნაშავე“, — ამბობს ადვოკატი და მოკლედ ეხება მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებასაც, რომელმაც თქვა ღიად, რომ ორგანიზატორები ამ სისხლის სამართლის საქმეში არ დადგენილა.
საპირწონედ, ადვოკატს მოჰყავს თავისი მოწმის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტის დასკვნა და ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ რასაც ედავებიან ვიდეომტკიცებულებებით პროკურატურა ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას, არცერთს უდასტურდება. ორივეს შემთხვევაში შეუძლებელია საგნის რაობის განსაზღვრა. გური მირცხულავა არ ისვრის სამართალდამცველების მიმართულებით, ის თავიდან იშორებს, სავარაუდოდ სამართალმცველებისგანვე ნასროლ ნივთს. ჯანო არჩაიას ნასროლი არავის ხვდება.]
ადვოკატის დასკვნითი სიტყვის ფინალი
დავასრულებთ, რითაც ეს მასალა დავიწყეთ — იმ სიტყვებით, რაც ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ შეჯამების სახით, ბრალდებულების, საზოგადოებისა და სასამართლოს მისამართით თქვა დასკვნითი სიტყვის დასასრულს:
„როცა ვამბობდით, რომ ბიჭები არიან „პოლიტპატიმრები“, „რეჟიმის ტყვეები“, ეს არის სიმართლე. მაგრამ არის კიდევ ერთი ტერმინი — ყველა სისხლის სამართლის საქმეს სჭირდება სახელი. ეს არის „გამარჯვებული ბიჭების საქმე“, ეს არის „გამარჯვებული ბიჭების სხდომა“.
- ძმები ტერიშვილების [გია და მამუკა. გია ერთ-ერთი ბრალდებულია. მისი ძმა კი, 17 წლის ასაკში საქართველოს დროშით ხელში მოკლეს 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე] სახელს ამ ქვეყნის ისტორია შეინახავს სამარადჟამოდ.
- გამარჯვებულია ონისე [ცხადაძე], შესვით გალიაში, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეთ მის იუმორს.
- გამარჯვებულია ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ციხეშიც არ შეუწყვეტია მწვერვალების დაპყრობა.
- გამარჯვებულები არიან უკრაინელები [რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი], რომლებიც არსად და არასდროს წყვეტენ სწორ, სინათლის მხარეს დგომას.
- გამარჯვებულები არიან ლუკა ჯაბუა და ვაკო თეთრაშვილი, მათი ნათელი მომავალი რომ მოვა, ეცოდინებათ ის მსხვერპლი, რაც ამისთვის გაიღეს.
- გამარჯვებულია რეზო კიკნაძე. რეზო კიკნაძის ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმოდა აქ, მაშინაც კი, როცა აქ არ იყო.
- გამარჯვებულია იკა ქერაშვილი, რომელსაც გარეთ ელოდებიან ქეთი და ქეთუნა [და და ცოლი].
- გამარჯვებულია ჯანო არჩაია, როცა გაიზრდებიან მისი შვილიშვილები, გამართულები ივლიან ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს ქუჩებში, ამაყად, ხმამაღლა იტყვიან, რომ მათი ბაბუა არის მარადიული ჯარისკაცი, რომელსაც არ შეუწყვეტია ბრძოლა ამ ქვეყნისთვის.
- გამარჯვებულები ვართ მე და გური მირცხულავა, რადგან ჩვენი შრომით შევინარჩუნეთ დისციპლინა და წაგართვით გადაწყვეტილების მიღების უფლება, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გამოაცხადოთ იგი [მიმართავს მოსამართლეს].
- მე ვარ ცალკე გამარჯვებული ადამიანი, რომელსაც მომეცა საშუალება, რომ ამ ბიჭების გვერდით მებრძოლა.
დავასრულე დასკვნითი სიტყვა, პროკურატურა უკვე დავასრულე, მგონია. გამოდით [მიმართავს ისევ მოსამართლეს] შემდეგ სხდომაზე და თქვით, რომ ეს ბიჭები თავისუფლები არიან.“
