„ნიუ იორკ თაიმსი“ საქართველოს შესახებ აქვეყნებს ვრცელ სტატიას, სათაურით „როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზზე“.
„ვარდების რევოლუციიდან ორი ათწლეულის შემდეგ ყოფილი საბჭოთა სატელიტი დასავლეთს შორდება და რუსეთს უბრუნდება“, — წერს გამოცემა.
სტატიის ავტორია სკოტ ანდერსონი — ვეტერანი ომის კორესპონდენტი, მწერალი, დოკუმენტური წიგნების ავტორი.
რესპონდენტებს შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანი მურთაზ კარტოზია, დევნილები სამხრეთ ოსეთიდან, ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. სწორედ რაზმაძის ინტერვიუს ნაწილი გახდა სკანდალური საქართველოში.
„ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, დავით რაზმაძე მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ.
„ისინი აქ როგორც მშვიდობისმყოფელები მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“, – განაცხადა დავით რაზმაძემ სტატიის მიხედვით.
ჟურნალისტი წერს, რომ 90-წუთიანი ინტერვიუს დროს რაზმაძემ მოახერხა სააკაშვილის დადანაშაულება ყველაფერში – ეკლესიაში მრევლის შემცირებიდან დაწყებული, მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
ასევე, არ გაიზიარა „ქართული ოცნების“ დეკლარირებული მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და თქვა: „პირადად მე არ მინდა ევროკავშირის ნაწილი გავხდე და მათ გვიკარნახონ, რა ვქნათ. როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახლა მინდა ევროკავშირის დაშლა, რადგან ის ჩვენ წინააღმდეგაა“.
„ინტერვიუს მიმდინარეობისას რაზმაძის ფართო კაბინეტის კუთხეში კიდევ ოთხი ან ხუთი მამაკაცი ჩუმად იჯდა. ყველა მათგანი ძლიერი აღნაგობის იყო და შავი შარვალი და შავი მაისურები ეცვა. ქართველებისთვის დამახასიათებელი უნაკლო თავაზიანობისგან განსხვავებით, არცერთმა მათგანმა არც თავი წარადგინა და არც ხელი ჩამოართვა სტუმარს. შეხვედრის დასასრულს ერთ-ერთი მამაკაცი წინ წამოვიდა და რაზმაძეს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. რაზმაძემ ან არასწორად გაიგო კომენტარი, ან გადაწყვიტა, თავისი პარტიის „შავზე თეთრის მტკიცების“ გზავნილებისთვის ახალი ელფერი შეემატებინა: „ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვიყავით ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, რადგან ვიცით, რომ ის სავსეა კგბ-ს აგენტებით“, — თქვა მან“, — წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ „ნიუ იორკ თაიმსი“ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
რაზმაძის თქმით, მასთან ინტერვიუს დიდი ნაწილი არასწორადაა გაშუქებული.
„ვერც ერთ ინტერვიუში ვერ ნახავთ, რომ რუსებს რამე კეთილ კონტექსტში მოვიხსენიებდე. მე მხოლოდ ზიზღი შემიძლია გამოვხატო რუსეთის მიმართ და ამ შემთხვევაში გამოიყვანეს, რომ მე მათ დითირამბებს ვუძღვნიდი, რაც არის აბსოლუტური ცილისწამება. საერთოდ არ მიხსენებია სააკაშვილის ხულიგნები. მე ვთქვი, რომ როგორც კი შემოვიდნენ ოსური ბანდფორმირებები, დაიწყეს მაღაზიების ძარცვა. მე რაც ვიცი, 3 მაღაზია იყო გატეხილი. მეუფე ანდრიას შეგიძლიათ ჰკითხოთ, გაიტაცეს მისი მანქანა. მერე შემოვიდა რუსი და ვითომ დაალაგა. მაგრამ ჩემი აზრი ისაა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ინსპირირებული იყო რუსებისგან, რომ დაენახვებინათ ჩვენთვის — აი, ჩვენ როგორი კეთილისმყოფელები ვართ და ოსები ცუდები არიანო. ჰუმანიტარულიც შემოიტანეს, რაღაცები დაარიგეს. ეს ყველაფერი იყო დადგმული სპექტაკლი, რომელიც კარგა ხანია, წლები მზადდებოდა და რომელსაც ხელი შეუწყო სააკაშვილმა“, — განუცხადა რაზმაძემ „ნეტგაზეთს“.
მისი თქმით, რუსების შემოსვლის გამო მადლობა არ უთქვამს.
„მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და ამ დროს დრო იხელთეს ოსურმა ბანდფორმირებებმა და დაიწყეს ქალაქის ძარცვა. რუსების შემოსვლის მერე ეს ბანდფორმირებები აღარ იყო. მაგრამ მაშინაც ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი მგონია“, — განაცხადა რაზმაძემ.
რაზმაძე ადასტურებს, რომ ომის პროვოცირებაში სააკაშვილი დაადანაშაულა.
„კი ბატონო, იმიტომ, რომ სააკაშვილი 2003 წელს მოყვანილი არის რუსების მიერ. იგორ ივანოვი იყო ჩამოსული. შევარდნაძე — ქვეყნის წინაშე ისიც დამნაშავე იყო — გადააყენეს რუსებმა და დასვეს სააკაშვილი. სააკაშვილმა სამაგიეროდ აგერ გადასცა ჩვენი ქვეყნის 20%“, — განაცხადა რაზმაძემ.
დავით რაზმაძე იმეორებს კრიტიკას ევროკავშირის მიმართ, თუმცა ირწმუნება, რომ როგორც მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ , „ძირითადი ნაწილი“, თავადაც ემხრობა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას.
„მაგრამ არა იმ პირობებით, რომ „კაგებეს“ გაწვრთნილი ე.წ. პარლამენტარების შეკვეთებით და იმათი კანონებით ვიმოქმედოთ“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ რაზმაძემ.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ინტერვიუ დაახლოებით 6-7 თვის წინ, თარჯიმნის მეშვეობით შედგა და აუდიოჩანაწერი არ გაკეთებულა არც მისი და არც ჟურნალისტის მხრიდან. ის არ გამორიცხავს, ჟურნალისტს უჩივლოს, თუ ამის საშუალება ექნება.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ნიუ იორკ თაიმსს“. გამოცემა ამბობს, რომ ზოგადი პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩვენ არ აზიარებთ გამოუქვეყნებელ მასალებს, მათ შორის ინტერვიუს ჩანაწერებს ან აუდიოჩანაწერებს.
„ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც The New York Times-თან გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება“, — ნათქვამია NYT-ის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დავით რაზმაძის განცხადებები ყურადღების ცენტრში ექცევა. მაგალითად, ქართული მოსახლეობის დაუდევრობას დააბრალა გატაცებები საოკუპაციო ხაზიდან.
„მაგალითად, ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი. არ შეიძლება! რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო?! ერთი საგუშაგო არის ნიქოზთან. იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე… ადამიანი თავის თავს რასაც გაუკეთებს, ვერავინ უზამს იმაზე ცუდს”, – განაცხადა რაზმაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა ოკუპანტების მიერ 2023 წლის 6 ნოემბერს მოკლულ თამაზ გინტურს, რაზმაძემ ასე უპასუხა:
„მაგ შეფასებას გავანებოთ თავი – თამაზ გინტურის შეფასებას. იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ ამ ყველაფერს და დაიდება ყველაფერი, მაგრამ თქვენ დამისვით შეკითხვა – ხალხი ჩივის, რომ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან, მე გეუბნებით – სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია“.
დავით რაზმაძეს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთსაც არ ჩაუდენია ისეთი თავხედობა, როგორიც ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა.
სანქციებს თუ ვერ უერთდებით, სტალინის მუზეუმი მაინც დახურეთ – პოლონეთის ელჩი
