საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყანაში უკვე სუფევს ყოველ მხრივ სრული განუკითხაობა.
„ქვეყანაში უკვე სუფევს სრულიად განუკითხაობა ყველა მხრივ. ხომ ხედავთ, სასამართლოში რა ხდება და რანაირი სასამართლოა საქართველოში, რომელიც აღარ ექვემდებარება არცერთ სტანდარტს გარდა იმისა, რომ ბოლომდე ასრულებს ძალაუფლების ყველა მითითებას.
ამას ემატება ის, რაც დღეს გავიგეთ, რა პირობებია შექმნილი ციხეში იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღეს არიან მსხვერპლი ამ რეჟიმის. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ არ იყოს დაცული ციხეში ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტებად. ჩვენ აქ აღარ ვართ. ზღვარგადასულია ის, რაც ხდება. როგორ უსწორდებიან საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როგორც უნდათ, როცა უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახნა-განმარტება და საჯაროობა არ არსებობს.
ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. არ ვიცი, სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე, ალბათ, აღარც. იმიტომ, რომ ეს ინსტიტუციაც უკვე აღარ ასრულებს ბოლომდე თავის მოვალეობას. დაუცველობა არის ის, რაც სუფევს ამ ქვეყანაში.
მინდა ყველას გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი ქმედებების და ამ უსამართლო მოქცევის გამო ციხეებში, დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება იმათი, ვინც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ იმათიც, ვინც ასრულებს ამ ბრძანებებს და მზად არის, რომ უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა.
ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვაშენებდით. ეს არის სხვა რეჟიმი, ეს არის უკვე სხვა ქვეყანა და ამას არ შევეგუებით. დრო არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, რაც ხდება, სხვაგან არ იყურებოდეს, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვეხება დღეს და ხვალ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში, სადაც ბოლო 1 კვირა მარტო იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა პირმა სცემა.
წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.
ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.
პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაზიანებები აქვს.
უწყების განცხადებით, ბაჩიაშვილმა „ზედაპირული დაზიანებები“ თანამესაკნესთან „ინციდენტის“ შედეგად მიიღო.
