საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას კრემლი გადაჭრით უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ეს ბრალდებები ბევრ ქვეყანაში ჩვეულ ხასიათს ატარებს, რაღაც ისე თუ ვერაა, რუსეთს ადანაშაულებენ. არა, ეს ასე არაა, არანაირი ჩარევა არ ყოფილა”, – ამბობს პესკოვი.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

“ჩვენ დავესწარით ძალიან უჩველო რამეს. ეს იყო ტოტალური გაყალბება. თქვენი ხმების ტოტალური წართმევა. ყველა იმ ხერხის გამოყენება, რაც გვინახავს და დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ მისი გამოყენება მოხდა გაყალბების გასათეთრებლად. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება ითქვას. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე და ქვეყანაზე“, – თქვა პრეზიდენტმა არჩევნების შეფასებისას.