შიმშილობის 41-ე დღეს პარლამენტის წინ ერთ-ერთი შუქრუთელი, ჯამბულ მაჭარაშვილი ცუდად გახდა და მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შუქრუთელები ავრცელებენ.
210-ე დღეა შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
წლებია შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
11 სექტემბრიდან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი დედაქალაქში ჩამოვიდა. პროტესტის თბილისში გადმოტანას წინ უძღოდა 6-თვიანი უწყვეტი პროტესტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
1 სექტემბერს ოთხმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა, მათთან ერთად კიდევ ხუთი ადგილობრივი შიმშილობს. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი არის პროცესში ჩართვა.
პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლება მათ არ ელაპარაკება.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. ადგილობრივების თქმით კი, კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.
წაიკითხეთ ამ თემაზე:
