აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
წერილი, რომელშიც ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დასრულებაზე იუწყება, X-ზე, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
— Joe Biden (@JoeBiden) July 21, 2024
„ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო, მემსახურა თქვენს პრეზიდენტად. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია ჩემი განზე გადგომა და დარჩენილი ვადის განმავლობაში მხოლოდ საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებაზე ფოკუსირება“, — ნათქვამია წერილში.
ბაიდენის თქმით, უფრო ვრცლად თავისი გადაწყვეტილების შესახებ ერს მომავალ კვირას მიმართავს.
წერილში ბაიდენი მადლობას უხდის ყველას, ვინც მის ხელახლა არჩევაზე მუშაობდა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. სწორედ კამალა ჰარისი მოიაზრება ბაიდენის ყველაზე რეალურ შემცვლელად დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატურისთვის. არაერთმა დემოკრატმა, მათ შორის თავად ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის დასახელებას დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, — განაცხადა კამალა ჰარისმა.
81 წლის ჯო ბაიდენის კანდიდატურის შეცვლაზე საუბარი დაიწყო 27 ივნისიდან, როცა ბაიდენი-ტრამპის დებატები გაიმართა, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კი მარცხი იწვნია — ვერ გაუწია ოპონირება დონალდ ტრამპს, ზოგ საკითხზე კი არეულად საუბრობდა. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში, ოფიციალურ შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის გვარი შეეშალა და მას პუტინი დაუძახა, კამალა ჰარისს კი ტრამპის სახელით მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი ტრამპზე მხოლოდ 3 წლითაა უფროსი, ამერიკული მედია და კომენტატორები აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან — ტრამპის სასარგებლოდ. მიუხედავად კრიტიკისა, ბაიდენი არაერთგზის აცხადებდა, რომ ის განზე გადგომას არ აპირებდა და შემოდგომის არჩევნებში ტრამპის დამარცხება შეეძლო.
დონალდ ტრამპის ირგვლივ რესპუბლიკელების გაერთიანება და სავარაუდოდ, მისი რეიტინგის ზრდა გამოიწვია მისი მკვლელობის მცდელობამ 13 ივლისს, ამომრჩეველთან შეხვედრისას.
გამოეხმაურა რა კონკურენტის მიერ კანდიდატურის მოხსნას, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი არ იყო შესაფერისი არც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და არც პრეზიდენტობისთვის.
„მის გარშემო ყველამ, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტობა“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე, CNN-თან სატელეფონო საუბარში კი ბაიდენს „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უარესი პრეზიდენტი“ უწოდა.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა დემოკრატებიდან ჩაკ შუმერმა თქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, თუმცა ბაიდენმა, როგორც „ნამდვილმა პატრიოტმა და დიდმა ამერიკელმა“ კიდევ ერთხელ დააყენა ქვეყანა, თავისი პარტია და ამერიკის მომავალი პირველ რიგში.
ბაიდენმა ჰქონდა პარტიის დელეგატების მხარდაჭერა, თუმცა ის ჯერ არ იყო ოფიციალურად დასახელებული დემოკრატების კანდიდატად. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაცია აგვისტოს პირველ კვირას იგეგმებოდა. პარტიის კონგრესი ჩიკაგოში 19 და 22 აგვისტოს არის დაგეგმილი.
