ამომრჩეველთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლა სცადეს. თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ მას ტყვია ყურის ზედა ნაწილზე მოხვდა, თუმცა თავს კარგად გრძნობს.
თავდასხმის მომენტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ მას ყური სისხლიანი აქვს.
შემთხვევა აშშ-ის დროით 13 ივლისს, ნაშუადღევს, პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მოხვდა. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს იცავს, სროლის შედეგად მოკლულია ტრამპის შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა. გარდა ამისა, მოკლულია თავდამსხმელი.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თავად ტრამპმაც, სადაც აღნიშნულია:
„მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ყველა სამათალდამცავ უწყებას ბატლერში მომხდარ სროლაზე სწრაფი რეაგირებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, მსურს თანაგრძნობა გამოვხატო მოკლულისა და დაჭრილის ოჯახების მიმართ. დაუჯერებელია, რომ მსგავსი ფაქტი შეძლება, ჩვენს ქვეყანაში მოხვდეს. არაფერია ცნობილი თავდამსხმელის შესახებ, რომელიც ახლა მკვდარია.
მე მესროლეს ტყვია, რომელმაც ჩემი ყურის ზედა ნაწილში გაიარა. მე სწრაფადვე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, გავიგე წუილი, სროლის ხმა და უცებ ვიგრძენი, ტყვიამ როგორ გაიარა კანში. შემდეგ სისხლი წამომივიდა. ამგვარად, გავიაზრე, რაც ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა.“
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით საღამოს, 18:15 საათზე მოხდა. თავდამსხმელმა შეხვედრის ზუსტი ადგილიდან მოშორებით არსებული ტერიტორიიდან რამდენჯერმე ისროლა სცენის მიმართულებით.
„აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს თავდამსხმელი, რომელიც მოკლულია. საიდუმლო სამსახურმა სწრაფად მიიღო დაცვის ზომები და ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ახლა უსაფრთხოდაა. შეხვედრის ერთი მონაწილე მოკლულია, ორი კი მძიმედ დაიჭრა. დაწყებულია გამოძიება,“ — აცხადებს აშშ-ის საიდუმლო სამსახური.
ამერიკული მედიის ცნობით, გამოძიება ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
„ამერიკაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის… ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი, ყველამ,“ — ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ბაიდენი მომხდარს. მან აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბარი სცადა, თუმცა იმ მომენტისთვის ის ექიმებთან იყო და მოგვიანებით გაესაუბრება.
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყნის გაერთიანება გვჭირდება,“ — თქვა ბაიდენმა. მან მიუსამძიმრა მოკლულის ოჯახსაც.
ტრამპზე თავდასხმა დაგმო აშშ-ის პოლიტიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვანმა აქტორმა, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელმაც ბაიდენის მსგავსად აღნიშნა, რომ მსგავსი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან თავს 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი დაესხა. FBI-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა და სროლის შემდეგ საიდუმლო სერვისმა მოკლა, პენსილვანიის შტატიდან იყო.
CNN- წერს, რომ კრუქსი თავადაც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად იყო რეგისტრირებული, თუმცა აშშ-ის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იქნებოდა, რომელში მონაწილეობის უფლებაც ასაკით ექნებოდა.
ამასთან, ფედერალური საარჩევნო კომისიის ჩანაწერებით, თომას კრუქსმა 2021 წელს 15 დოლარი შესწირა დემოკრატების პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს.
არსებული ინფორმაციით, კრუქსმა ტრამპს, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა, მიმდებარე შენობის სახურავიდან ესროლა. FBI-ს განცხადებით, შენობა დაცვის არეალს მიღმა იყო, თუმცა საიდუმლო სერვისის თანამშრომლებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს.
CNN წერს, რომ კრუქსს თან არ ჰქონდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი დნმ-ნიმუში და ბიომეტრიული მონაცემები შეაგროვეს.