საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი ახლა საქართველოში „ნიადაგს სინჯავს“.

სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-ის გადაცემა „60 წუთთან“ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ომი იმის შეხსენებაა, რაც საქართველომ უკვე გამოიარა და ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ყოველთვის არის პირდაპირი საფრთხე.

„უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ნიადაგს ტესტავს. აქ მათი მარტივი გზა ჰიბრიდული ომია“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუს მიგრანტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის თქმით, „ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან.

„მათ სჯერათ და ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში არიან. უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, მაშინ რატომ არ ეუბნება საქართველო რუსეთის მოქალაქეებს უარს შემოსვლაზე, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტია.

CBS NEWS-ის შეფასებით, ისე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით.

„ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს: მათ ნამდვილად სურთ [ევროკავშირში], თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?“ — თქვა ზურაბიშვილმა.

CBS NEWS-ის ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ასევე ჰკითხა: დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ, საკმარისად გულისხმიერია და საკმარისად უჭერს მხარს თუ არა საქართველოს ამ გადამწყვეტ მომენტში?

„ასე არ ვფიქრობ და მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე 5 წელია პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში ვერ მოვახერხე ვერც ერთი შეხვედრა ჩემს [საპრეზიდენტო] დონეზე — იქნებოდა ეს [აშშ-ის] პრეზიდენტთან თუ ვიცე-პრეზიდენტთან… სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკაა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება“, — თქვა ზურაბიშვილმა.

თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ზურაბიშვილის თქმით, ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.