ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადადგა. მან აგრეთვე დატოვა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

„აღარ შემიძლია მუშაობის გაგრძელება“, – განაცხადა რუბიალესმა ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში.

რუბიალესის გადადგომის მიზეზი გახდა ინციდენტი მსოფლიო თასის ფინალური მატჩის დაჯილდოებაზე – ფედერაციის პრეზიდენტმა ქალ ფეხბურთელს, ჯენი ერმოსოს აკოცა. რუბიალესი ირწმუნება, რომ კოცნა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა, თუმცა ერმოსოს საპირისპიროს ამბობს. ამ საქმეზე ესპანეთში პროკურატურამ ესპანეთის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა საჩივარი რუბიალესის წინააღმდეგ – სექსუალური შევიწროების ბრალდებით.


მსოფლიოს თასის ფინალში მომხდარის შემდეგ რუბიალესი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის გადადგომას ითხოვდნენ საზოგადოების ნაწილი და ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლებიც კი. მოსალოდნელი იყო, რომ იგი გადადგებოდა, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა. მოგვიანებით, იგი მსოფლიო ფედერაციამ – ფიფამ დაასანქცირა. შვილზე „ნადირობის“ გამო, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა რუბიალესის დედამ.