ახალი ამბები

ფიფამ ლუის რუბიალესი დაასანქცირა

26 აგვისტო, 2023 • 2401
ფიფამ ლუის რუბიალესი დაასანქცირა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი დროებით ყოველგვარ საფეხბურთო აქტივობას ჩამოაცილა.

ფიფას სანქცია ეხება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საფეხბურთო აქტივობებს.

მომხდარის მიზეზია ლუის რუბიალესის საქციელი. მან მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ქალ ფეხბურთელს ტუჩებში აკოცა. შემდეგ კი გადადგომაზე უარი თქვა.

რა მოხდა ცერემონიაზე?

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა ინგლისელი მოწინააღმდეგეები, ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე რუბიალისმა ესპანელ ქალ ფეხბურთელს, ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. შემთხვევიდან მალევე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს არ მოსწონებია.  კრიტიკის შემდეგ რუბიალისმა თავდაპირველად ბოდიში მოიხადა, მაგრამ ახლა ამტკიცებს, რომ კოცნა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა და იგი „ცრუ ფემინისტების“ მიერ მოწყობილი კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია.

ერმოსო ფედერაციის პრეზიდენტის საქციელს მიუღებლად მიიჩნევს. მისი ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაციის, „ფუტპროს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ფედერაციის პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო ფიფამ.

რუბიალესს ესპანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებიც აკრიტიკებენ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის თქმით, ბოდიშის მოხდა „არასაკმარისი და არაადეკვატურია“. ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა რუბიალესის გადადგომა მოითხოვა, ხოლო თანასწორობის მინისტრმა ირენე მონტერომ მისი საქციელი სექსუალური ძალადობის ფორმად მიიჩნია.

ფედერაციის პრეზიდენტის გამო ბორხა იგლესიასი ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს

მასალების გადაბეჭდვის წესი