ახალი ამბები

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის 46 წლის პრეზიდენტის დედამ შიმშილობა გამოაცხადა

28 აგვისტო, 2023 •
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის 46 წლის პრეზიდენტის დედამ შიმშილობა გამოაცხადა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, 46 წლის ლუის რუბიალესის დედა ანხელეს ბეხარი მისი შვილის წინააღმდეგ მიმდინარე „არაადამიანური ნადირობის“ გამო ეკლესიაში გამოიკეტა და შიმშილობა გამოაცხადა, იტყობინება „ბი-ბი-სი“.

ბეხარის თქმით, უვადო შიმშილობის რეჟიმში იქნება. ის ასევე აცხადებს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ „არაადამიანური ნადირობა“ მიმდინარეობს, რასაც რუბიალესი „არ იმსახურებს“.


რუბიალესი კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაზე ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ მას ეს კოცნა არ მოსწონებია და იგი არ იყო დაფუძნებული ორმხრივ თანხმობაზე.

რუბიალესი უარს ამბობს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომაზე, მიუხედავად საზოგადოებისა და მათ შორის, მთავრობის წევრების მოწოდებებისა. მის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა ქალთა გუნდის სამწვრთნელო შტაბი (მთავარი მწვრთნელის გარდა), ხოლო ქალთა ნაკრების საჩემპიონო შემადგენლობა უარს ამბობს თამაშზე მანამ, სანამ იგი პოსტზე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი