საგამოძიებო პროექტი „სისტემა“ იუწყება აუდიოჩანაწერის მიღებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს ორი რუსი ბიზნესმენის – რომან ტროცენკოს და ნიკოლაი მატუშევსკის საუბარს, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსეთში არსებული ვითარებით და აკრიტიკებენ ვლადიმერ პუტინს.
„ეს ვერაფრით კარგით ვერ დასრულდება, დასრულდება ჯოჯოხეთით. ხალხი ერთმანეთს მოსკოვის ქუჩებში დახოცავს“, – ამბობს ჩანაწერში, სავარაუდოდ, რომან ტროცენკო.
საუბარში, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის იანვრის დასაწყისში შედგა, ორი კაცი [ჟურნალისტების მოკვლევით – ტროცენკო და მატუშევსკი] განიხილავს რუსეთიდან აქტივების და ოჯახების ევაკუაციას, რუსეთის არასახარბიელო მომავალს და აკრიტიკებენ ამჟამინდელ ხელისუფლებას.
„ბოლო დროს რუსეთში მძიმედ ვგრძნობდი თავს, მესმოდა, რომ იქ არაფერია საკეთებელი […] [ინდონეზიაში] ათ წელიწადში ყველაფერი ათჯერ გაიზრდება, რუსეთში – ორჯერ დაეცემა“, – ამბობს, სავარაუდოდ, ნიკოლაი მატუშევსკი.
„სამწუხაროდ, რუსეთი, რომელიც ასე გულწრფელად გვიყვარს, აღმოჩნდა ვიღაც ნაძირლების თათებში, რომლებსაც XIX საუკუნის რაღაც უცნაური კომპოზიციები სწამთ. ეს ვერაფრით კარგით ვერ დასრულდება, დასრულდება ჯოჯოხეთით. ხალხი ერთმანეთს მოსკოვის ქუჩებში დახოცავს“, – აღნიშნავს, სავარაუდოდ, ტროცენკო, ხოლო მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინზე საუბრისას, მას „სულელს“ უწოდებს.
დიალოგის მონაწილეები ასევე საუბრობენ რუსეთის არასახარბიელო სამომავლო პერსპექტივებზე:
„როგორ შეიძლება ცხოვრობდეს და ვითარდებოდეს ქვეყანა, სადაც ერთადერთი იდეოლოგია მაყუთის შოვნა და ერთი ჯგუფის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაა? შემდეგ ხომ არანაირი კონცეფცია არ არის. დაიხოცებიან რაღაც დროს და არაფერს დატოვებენ. გადამწვარი უდაბნო იქნება. შემდეგ ამ მარტივ რაღაცას ყველა გაიგებს, თითოეულ ადამიანამდე. აღმოჩნდება, რომ უკვე გვიანია. ხალხი ფულს ვერ გამოიტანს, ვერ დატოვებს რუსეთს, ბავშვები ომში გაიწვიეს… საშინელებაა, მოკლედ. […] რუსეთში ყველაფერი ინგრევა“, – ამბობს, სავარაუდოდ, პროცენკო.
ვინ არიან საუბრის სავარაუდო ფიგურანტები
რომან ტროცენკო, რომლის ქონებაც „ფორბსის“ უახლოესი მონაცემით 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენსს, ბიზნეს-საქმიანობას 1990-იანი წლებიდან ეწეოდა, ხოლო შემდეგ ვლადიმერ პუტინის ახლო წრეს დაუკავშირდა. ტროცენკო ხელმძღვანელობდა „როსნეფტის“, – სახელმწიფო კომპანიის, რომელსაც პუტინთან ძალზედ დაახლოებული იგორ სეჩინი უდგას სათავეში, – შვილობილ კომპანიას შვეიცარიაში.
გარდა ამისა, ტროცენკოს კომპანია აშენებს ღრმაწყლოვან პორტს ჩრდილოეთის საზღვაო გზისთვის. ამ პროექტს პირადად პუტინი კურირებს. სავარაუდო საუბრიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პუტინმა ტროცენკო „შრომითი წარმატებისთვის“ ორდენითაც დააჯილდოვა. თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინისა და მსხვილი ბიზნესმენების შეხვედრაზე ტროცენკო არ იყო.
ნიკოლაი მატუშევსკი, „ნასტოიაშეე ვრემიას“ ცნობით, ტროცენკოს ძველი მეგობარია და მოსკოვში სადიზაინერო ბიუროს, „ფლაკონის“ დამფუძნებელია. 2021 წელს მან თავის ინსტაგრამზე ჯერ კიდევ არსებული ოპოზიციის საპროტესტო აქციებიდან ვიდეოც გამოაქვეყნა.
ავთენტურია თუ არა ჩანაწერი?
„სისტემის“ ცნობით, ბმული საჯაროდ ხელმისაწვდომ ჩანაწერზე ელექტრონული ფოსტით მიიღეს წყაროსგან, რომელმაც ავთენტურობის დასადასტურებლად რედაქციას ტროცენკოს სატელეფონო ნომერიც მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის არ იყო ცნობილი საუბრის მეორე სავარაუდო ფიგურანტი, თუმცა საუბრის შინაარსით დაასკვნეს, რომ ეს ტორცენკოს მეგობარი ნიკოლაი მატუშევსკია.
თავად ტროცენკომ „სისტემას“ დაუდასტურა, რომ მატუშევსკის იცნობს, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარია მასთან არ უსაუბრია.
მატუშევსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სულაც არ იცის ჩანაწერის შესახებ, ხოლო „დაახლოებით 40 წუთის შემდეგ“ [დაახლოებით ამდენი ხანია ჩანაწერის ხანგრძლივობა] თქვა, რომ „ეს საუბარი არ შემდგარა“. მანვე აღნიშნა, რომ ბოლოს 2022 წელს ისაუბრეს და პოლიტიკას საერთოდ არ შეხებიან.
