საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდასაჭერად.

ამის შესახებ დეგნანმა „მთავარი არხის“ ეთერში დღეს, 6 აპრილს განაცხადა. მას ჰკითხეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძის განცხადებაზე სასამართლოზე ზეწოლის შესახებ. მურუსიძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მისი მოკვლაც იგეგმებოდეს.

„როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მათ საარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ამერიკა ამ ხელისუფლებასთან ძალიან კარგად მუშაობდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის 4 ტალღაზე. შთამბეჭდავი პროგრესიც იქნა მიღწეული.

თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რომ შინაარსიანი რეფორმები გაგრძელებულიყო, რაც ნამდვილად დამოუკიდებელს და გამჭვირვალეს გახდიდა სასამართლო სისტემას. რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, წლების მანძილზე“, — განაცხადა დეგნანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არის არაერთი კეთილსინდისიერი მოსამართლე, რომელთაც სურთ, აღასრულონ მართლმსაჯულება ყოველგვარი ჩარევის გარეშე და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„სანქცირებული 4 ადამიანი, ჩვენი ინფორმაციით, ხელს უშლიდა ამ მოსამართლეებს ამ სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, მთელ სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე. სანქცია არის 4 პირის მიმართ“, — თქვა დეგნანმა.

5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული შეაფასა სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად.