საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთი აფხაზეთს ტრანზიტად იყენებს თურქეთში ტვირთის ექსპორტისთვის, შემდეგ კი თურქეთიდან იმპორტისთვის.

ტრანზიტის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა ალიას ლაბახუამ განაცხადა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

“ამას წინათ რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში გასაგზავნი სატრანზიტო ტვირთით ჩვენთან რკინიგზით ჩამოვიდა 62 კონტეინერი. ეს არ არის პირველი მერცხალი,  რადგან იქამდე სხვა ტრანზიტმაც გაიარა, თუმცა, მცირე რაოდენობით. მოისინჯა გზა. უკანა გზაზე მატარებელი უკვე რუსეთისთვის გათვალისწინებული პროდუქციით გაემგზავრება. თავად საბაჟო გადასახადი არ არის დიდი, მაგრამ მსგავსი პროცედურები ჩვენი ტერიტორიის გავლით უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს”, – თქვა ლაბახუამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცედურა გათვალისწინებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის შესაბამისი შეთანხმებით, რომელიც ტვირთების შეუფერხებელ ტრანზიტს ითვალისწინებს.