რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური ტანკების, მათ შორის, გერმანული „ლეოპარდების“ გადაცემის განზრახვას.

„ჩვენც გვაქვს საპასუხო და ჯავშანტექნიკის გამოყენებით საქმე არ დასრულდება“, — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ის ძალები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებენ, მკაცრ პასუხს მიიღებენ.

„ჩვენ არ გავაგზავნით ჩვენს ტანკებს მათ საზღვრებთან, მაგრამ გვაქვს, თუ რით ვუპასუხოთ“, — აღნიშნა მან.

პუტინის თქმით, „ნაციზმის იდეოლოგია“, თანამედროვე ფორმით, კვლავ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას და ეს უკანასკნელი იძულებულია, მოიგერიოს კოლექტიური დასავლეთის აგრესია.

„დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული „ლეოპარდის“ ტანკებით, რომლის ბორტზეც ჯვრებია. და ისევ აპირებენ რუსეთთან ბრძოლას უკრაინის მიწაზე ბანდერას მიმდევრების ხელით“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

კიევის მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, 25 იანვარს გერმანიამ და აშშ-მა თავიანთი წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ განაცხადეს. პირველ ეტაპზე გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის, აშშ კი — 31 M1 Abrams-ს.

რას შეცვლის უკრაინისთვის ტანკების გადაცემა? — 3 ქართველი გენერლის მოსაზრება