რასა იუკნევიჩიენე. ფოტო: EPA/JERRY LAMPEN

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს. ამის შესახებ მან დღეს, 2 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა.

“დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა ოთხი წლით დარჩება პატიმრობაში.

მე მკაცრად ვგმობ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის უნდობლობას.

ღარიბაშვილის მთავრობის კრიტიკოსების ამ სახით პოლიტიკური დევნა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს. რაც ყველაზე მთავარია, მსგავსი ქმედებები ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება”, – წერს იუკნევიჩიენე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ  3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე: