კრემლი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Stream) მილსადენებზე აფეთქებები „სახელმწიფოს დაფინანსებულ ტერორიზმს“ ჰგავს.

„ეს ტერორისტულ აქტს წააგავს, შესაძლოა, სახელმწიფო დონისას“, – განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 29 სექტემბერს.

„ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ასეთი ტერორისტული აქტი შეიძლებოდა განხორციელებულიყო რომელიმე სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან საშიში ვითარება, რომელიც სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს“.

ამერიკული ტელეარხი CNN სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროპული უსაფრთხოების სამსახურებმა იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც გაზმა გაჟონა, რუსული წყალქვეშა ნავები დააფიქსირეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამავე ტერიტორიებში „გაცილებით უფრო დიდი წარმომადგენლობა აქვს ნატოს“.

მოსკოვის პოზიციით, მოსაზრება, რომ  „საკუთარ მილსადენს დაესხა თავს“, იყო „მოსალოდნელი და სულელური“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა „ამერიკული უშიშროების კონტროლირებულ ზონებში“.


„ნორდსტრიმის“ გაზსადენის სიახლოვეს ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები დაფიქსირდა, გაზმა ბალტიის ზღვაში გაჟონა.

ინციდენტი დროში ემთხვევა ახალი გაზსადენის გახსნას. ახალმა გაზსადენმა, – რომლითაც ნორვეგიული გაზი პოლონეთს მიეწოდება, – უნდა შეამციროს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება მოსკოვზე.

შვედური მედიის თანახმად, 29 სექტემბერს ქვეყნის სასაზღვრო პოლიციამ „ნორდსტრიმის“ გაზსადენის გაჟონვის მე-4 წერტილი აღმოაჩინა.

ჯერჯერობით ევროკავშირს არ დაუსახელებია შესაძლო დამნაშავე გაზსადენის დაზიანებაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ გუშინ განაცხადა, რომ ეს „საბოტაჟია“.

ამ თემაზე წაიკითხეთ: