მას შემდეგ, რაც ირანულ მხარემ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს, რათა აღდგეს 2015 წელს მიღებული შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რაც თეირანისთვის სანქციების შემსუბუქებას გულისხმობს, რუსეთმა ვენის მოლაპარაკებებზე დასავლეთს წერილობითი გარანტიები მოსთხოვა, რომ მისთვის დაწესებული სანქციები არ დააზარალებდა თანამშრომლობას ირანთან.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები ირანის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს და მხარეებმა რუსეთის ეროვნული ინტერესები უნდა მიიღონ მხედველობაში.
აქამდე რუსეთი შეთანხმების აღდგენას მხარს წინაპირობების გარეშე უჭერდა.
რუსეთის ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ხანი გააჭიანუროს შეთანხმების აღდგენა და ირანისთვის სანქციების მოხსნა.
ირანში რუსეთის ამ ნაბიჯს „არაკონსტრუქციულს“ უწოდებენ, როგორც ამას გამოცემა Reuters იუწყება.
„რუსებმა ეს მოთხოვნა ორი დღის წინ წამოაყენეს. გასაგებია, რომ ვენის მოლაპარაკებებში პოზიციის ცვლილებით, რუსეთს სურს საკუთარი ინტერესები სხვა ადგილებში დაიცვას. ეს ნაბიჯი არ არის კონსტრუქციული ვენის ბირთვული მოლაპარაკებებისთვის“, – განუცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას.
2015 წლის შეთანხმება თეირანსა და სხვა მხარეებს შორის, გულისხმობდა დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, სანაცვლოდ კი ირანს ურანის გამდიდრება უნდა შეეზღუდა, რაც თეირანისთვის ატომური ბომბის შექმნას ნაკლებად შესაძლებელს გახდიდა.
2015 წლის შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის მმართველობის დროს, 2018 წელს გავიდა.
