საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

“ყველაზე მეტად ვევედრები ღმერთს არ გამატარებინოს წუთისოფელი, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მტრობისგან, ზიზღისგან, სიძულვილისგან თუ შიშისგან ისე არ გავბოროტდე, რომ დავემსგავსო მათ ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ… გადაიყვანეთ!!!”, – წერს რაჭველი.

სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხეში, პალატაში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე საათის წინ კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი თქმით, დღეს იყო პირველი დღე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა.

მოგვიანებით კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება. უწყების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გუშინ, 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. ამის შესახებ ხერხეულიძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან გუშინ, 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

ამავე თემაზე ნახეთ:

სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე