ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, მანამდე კი  „საქართველოს რკინიგზაში“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი საღირაშვილმა თანამდებობა დატოვა და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად ეკონომიკის მინისტრს 6 მოადგილე ჰყავს.