აფხაზური და რუსული მედიების ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის დროს რუსეთის მაღალჩინოსნებს შეხვდა.

ოფიციალური ცნობითვე, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ვიტალი საველიევთან საუბრის დროს აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის გახსნის პერსპექტივებზე და სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე ისმჯელეს.

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე ბჟანიამ ვლადიმერ პუტინთან 2020 წლის 12 ნოემბრის შეხვედრაზეც ისაუბრა. მაშინ, მხარეების განცხადებით, კონკრეტულ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ.

“სოხუმის აეროპორტის გახსნა კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს ქვეყნებს”, – აცხადებს ბჟანია.

რუსი ინვესტორის მიერ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხი უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტუალურია.

სოხუმის აეროპორტის გახსნის თემას თბილისში შარშან, 2019 წელს გამოეხმაურნენ.

“საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ”, – ასე შეაფასა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სოხუმის აეროპორტში რუსული მხარის მიერ საპროექტო სამუშაოების დაწყება.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, როგორც მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, “ის დაარღვევს, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე”.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.