ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის აეროპორტში რუსი ინვესტორი საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს – რია ნოვოსტი

26 ივლისი, 2019 • 1919
აფხაზეთის აეროპორტში რუსი ინვესტორი საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს – რია ნოვოსტი

რია-ნოვოსტის ინფორმაციით, “ამჟამად, რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც მომდევნო თვის ბოლოს დასრულდება”.

დღევე, აფხაზური მედიით გავრცელებული ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი მიიღო.

აფხაზური მხარის ცნობით, დოკუმენტების პაკეტი ითვალისწინებს სოხუმის აეროპორტისთვის “ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსის მინიჭებას, რაც მისცემს უფლებას, განათავსოს აეროდრომში სამოქალაქო და სახელმწიფო საჰაერო ხომალდები”.

“იგულისხმება ის, რომ იქ განთავსდება როგორც სამოქალაქო ავიაცია, ასევე, სახელმწიფო ავიაცია – ეს არის სამხედრო ავიაცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური, სანიტარული ავიაცია”, – აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციითვე, სოხუმის აეროპორტს მიენიჭა საერთაშორისო კოდი «URAS».

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისა და საერთაშორისო ფრენებისთვის ხელს შეუწყობს აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

60-იან წლებში აშენებული სოხუმის აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან 18 კილომეტრში, ბაბუშერას დასახლებაში მდებარეობდა, 1993 წელს, აფხაზეთში ომის შემდეგ დაიხურა.

სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წელს ხელმოწერილი იყო შეთანხმება, რომელიც სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის თანამშრომლობას ითვალისწინებდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პროცესი არ დაწყებულა.

“აფხაზეთს არ აქვს იმის საშუალება, რომ სოხუმის აეროპორტი ამუშავდეს. ამას ერთი და ორი მილიარდი არ ეყოფა. ვფიქრობ, ამ მხრივ მუშაობა ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. აეროპორტის საკითხზე დოკუმენტები მზად გვაქვს და, ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენი მხრიდან უფრო აქტიური სამუშაო დაიწყება ინვესტორის მოსაძებნად”, – ეს განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ჯერ კიდევ 2015 წელს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი