“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საკანონდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს, არსებული კანონმდებლობის აღსრულების მოქნილი მექანიზმებისა და სოციალური დაცვის მყარი სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 1 მაისს გაავრცელა;

“საქართველოში მშრომელთა დიდი ნაწილი შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფისა და შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება. თუმცა პანდემიის პირობებში ამან განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი შეიძინა. სისტემატური სახე მიიღო წინასწარი შეტყობინებისა და სათანადო კომპენსაციის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებამ, უხელფასო შვებულებაში დასაქმებულების იძულებით გაშვებამ, ხელფასის თვითნებურმა შემცირებამ თუ ანაზღაურებაზე უარის თქმამ”, – აცხადებს EMC.

გარდა ამისა, განცხადებაში ანიშნულია, რომ უფლებების დარღვევა კვლავ ხშირია სამთო-მოპოვებით და მძიმე ინდუსტრიებში. ორგანიზაციის შეფასებით, ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ელემენტარული სტანდარტების დაცვა მოუგვარებელი პრობლემაა და მეშახტეები დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, ყოველდღიურად, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ:

“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი აუდიტის დასკვნის თანახმად, შახტების ფუნდამენტური ოპტიმიზაციის გარეშე იქ ნახშირმოპოვებითი საქმიანობა დაუშვებელია, მუშაობა ისე გრძელდება, რომ ვითარება არათუ გაუმჯობესებულა, არამედ რიგ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც. მძიმე და უსამართლო პირობებში აგრძელებენ მუშაობას ჭიათურასა და რუსთავშიც, სადაც გასულ წელს მშრომელთა მასობრივ გაფიცვას ჰქონდა ადგილი”, – წერია განცხადებაში.

როგორც EMC აღნიშნავს, შრომის კანონმდებლობას ხშირად უგულებელყოფენ სერვისის სექტორშიც, მათ შორის, სუპერმარკეტებში, სადაც დასაქმებული კონსულტანტებისთვის კვლავ პრობლემად რჩება დაურეგულირებელი სამუშაო საათები, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, შესვენების და დასვენების დროების არარსებობა, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შეთავსება და სხვა ღირსების შემლახავი პრაქტიკა. გარდა ამისა, კონსულტანტებს უწევთ საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობა და ხშირად იმყოფებიან სტრესის ქვეშ აგრესიული კლიენტებისგან არასათანადო დაცვის გამო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი წლის დასაწყისში კონსულტანტი გარდაიცვალა.

EMC პრობლემად მიიჩნევს მშენებლობაზე დაურეგულირებელ უსაფრთხოების ზომებსავ. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 29 მუშა და დაშავდა 54. მათ შორის იყო არასრულწლოვანიც. ასევე განცხადებაში აღნიშნულია სამკერვალო ფაბრიკებში არსებული მძიმე სამუშაო პირობებიც – ღირსების შემლახავი დისციპლინა და საფრთხის შემცველი გარემო. ამასთან, დასაქმებულებს აქვთ მძიმე შრომისთვის შეუსაბამო ანაზღაურება.

EMC-ის შეფასებით, მძიმე და დაუფასებელია სოციალური მუშაკების შრომაც, რომლებიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ: “მათ არ აქვთ საკუთარი ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსები, ხოლო მათი შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები ძალზედ სუსტია”.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების მიმართ შევიწროების ფაქტებზეც, კერძოდ, “მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ შევიწროებისა და კონტროლის მიზნით, რამდენიმე თვეა, გრძელდება შრომითი უფლებებისა და შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა”.

არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში არის სუსტი და აუციელებელია მისი გაძლიერება:

“მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მნიშვნელოვანი მუხლები ამოქმედდა და ინსპექციას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორი შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭა, კვლავ დღის წესრიგში რჩება ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მისი ადამიანური და მატერიალური რესურსებით გაძლიერების საჭიროება.

გარდა ამისა, შრომის ინსპექცია დღეს მხოლოდ უსაფრთხო სამუშაო გარემოს კონტროლსა და მონიტორინგს ახორციელებს და კვლავ არ აქვს შრომითი უფლებების დარღვევაზე სანქცირების მანდატი, რაც გადატვირთული სასამართლოსა და გაჭიანურებული შრომითი დავების პირობებში, უკიდურესად ართულებს მშრომელთა უფლებების დაცვას. 2014 წლიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი მედიაციის ინსტიტუტიც, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა დავების გადაწყვეტის ეფექტიან მექანიზმად, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კოლექტიური დავის პროცესში შრომითი მედიაციის წარუმატებლობამ კიდევ ერთხელ ცხადყო.”

განცხადების მიხედვით, 2019 წელს დაწყებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის პროცესი, რომელიც არაერთი მიმართულებით ითვალისწინებდა ვითარების გაუმჯობესებას, გაურკვეველი დროით გადავადდა. EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბისა და კანონმდებლობის და მისი აღსრულების ინსტრუმენტების ხარვეზულობის გათვალისწინებით ზემოთ აღნიშნული პროცესის დაუყოვნებლიც განახლებასა და მასში მშრომელების მაქსიმალურ ჩართულობას.

“1 მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე, სახელმწიფოსთვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესახსენებლად უნდა იქნას გამოყენებული. სახელმწიფომ უნდა შექმნას ღირსეული შრომის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საკანონმდებლო და ინსტიტუტიცური მექანიზმები, რათა შემდეგ 1 მაისს მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობა ისეთივე სავალალო არ იყოს, როგორიც დღეს არის”, – აცხადებს EMC.