79 ქართველი მოსწავლე, რომლებიც აშშ-ში იმყოფებოდნენ, საქართველოში ჩამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
“მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ – ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა”, – იუწყება მთავრობა.
მთავრობის ცნობით, მოსწავლეები თბილისსა და კახეთში არსებულ ორსაკარანტინო ზონაში განათავსეს, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და შემდეგ დაუბრუნდებიან ოჯახებს.
რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.
მთავარი ფოტო: ქართველი მოსწავლეების დაბრუნება- ფოტო: საქართველოს მთავრობა
