იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნაადრევი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაეროში, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ისაუბრა და მიღწევებში მიათვალა.
„სანამ ინიციატივას კენჭი არ უყარა პარლამენტმა, მანამდე პრეზიდენტმა ეს… ვფიქრობ, ცოტა ნაადრევი იყო, თუმცა მას, როგორც ჩანს, სჯეროდა, რომ რაკი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ყველა ხმას მისცემს ამ პროექტს“, — განაცხადა თეა წულუკიანმა 25 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი აბსანძის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“.
„მეც მჯეროდა, მაგრამ წინააღმდეგი ვიყავი … მაგრამ საჯაროდ არ გამიკრიტიკებია ერთი მიზეზის გამო: პოლიტიკური პროცესი მიჰყავს ხელმძღვანელს და შენ ხარ ერთ-ერთი მონაწილე ამ პროცესის“, – თქვა მან. მისი თქმითვე, ახლანდელი, შერეული მოდელი არის „მისაღები მოდელი“.
სალომე ზურაბიშვილმა 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეის 74-ე სესიაზე განაცხადა:
„უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით. სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ“.
საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციული სისტემა, რასაც საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე [სრულად]
