თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტთან განმარტავს, თუ რატომ ფიქრობს, რომ ბანკის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას აქვს ადგილი.
ბიზნესმენის თქმით, ბანკის არსებობის 27-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, 2018 წლის ივნისში, საფინანსო ინსტიტუტში ოთხი უწყება შევიდა. მათ შორის, ხაზარაძის თქმით, იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, საგადასახადო და ეროვნული ბანკი, რომლებიც პარალელურ რეჟიმში დაიწყეს ბანკიდან კონკრეტულ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღება:
“კანონმდებლობით, საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელზე ძველია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა იურიდიულად და კანონით მონიჭებული უფლება, როცა დავინახეთ, რომ ასეთი შემოტევაა, ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 10-11 წლის წინანდელ არქივში. ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, როცა ამდენი უწყება ერთად შემოდის”, – თქვა ხაზარაძემ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.
თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, ამ მოვლენებს საეჭვოდ დაემთხვა ივლისის თვეში ბანკზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმა. ხაზარაძის თქმით, ბანკის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა აღმოაჩინა ადგილი, საიდანაც თავდასხმა მოხდა და აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს:
“მინდა გითხრათ, რომ თიბისი ბანკი გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენს ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფაზე და უსაფრთხოებასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ არა მარტო დავიცავით ბანკი ამ კიბერ-შეტევისგან და დავიჭირეთ სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს, და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს. მას შემდეგ 5 წერილი მივწერე მინისტრს, სად დგას გამოძიება. 1 კვირის წინ მივიღე გამომძიებლის პასუხი, რომ კომპიუტერი წაღებულია ექსპერტიზაზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.
ბიზნესმენის თქმით, თავდასხმა თბილისში, ცენტრალურ გამზირზე მდებარე ოფისიდან მოხდა. ხაზარაძეს ეჭვი აქვს, რომ სავარაუდოდ ეს ის ოფისებია, საიდანაც ე.წ. ბოტები იმართებიან და, მისი თქმით, ამ მოვლენების შემდეგ ბანკზე აგორებული ნეგატიური კამპანიის უკან სოციალურ ქსელებშიც ეს ოფისები დგანან:
“კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერთან… თბილისში,, ცენტრალურ გამზირზე. ეს არის, სავარაუდოდ, ის ოფისები, საიდანაც ბოტები და ფაბრიკები იმართება და ასეთი დიდი შეტევა ჩვენ მიმართ, ბოლო მოვლენებს თუ გადაავლებთ თვალს, სოციალურ მედიაში, ალბათ, რაღაც ნაწილი იქიდან მოდის”, – ამბობს ხაზარაძე.
ბანკის დამფუძნებლის თქმით, პროკურატურას სადავო ტრანზაქციის შესახებ ყველა ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც ხაზარაძე ამბობს, სასამართლოში გამოკითხვაზე პროკურატურას და მოსამართლეს სთხოვა კონფიდენციალურობის დაცვა, რადგან იანვარში ანაკლიის პროექტის ფარგლებში ორ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან იგეგმებოდა ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, ხაზარაძის თქმით, ეს პირობა არ შესრულდა და 9 იანვარს პროკურატურამ პრესკონფერენციაზე საქმის დეტალები გაასაჯაროა:
“ჩვენ ამ ტრანზაქციაზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, რომელიც ოტომბერში გამოჩნდა. მივაწოდეთ ყველა ჩვენი პირადი ანგარიში ამ თანხის მოძრაობის. საიდან ავიღეთ, სად ჩაირიცხა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 80 მილიონი თავისი 17 მილიონიანად ჩაირიცხა ბანკის კაპიტალში, საიდანაც რაღაც ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკში. დადასტურებულად ეს მასალა მიცემული გვაქვს უწყებისთვის.
ამის შემდგომ ხდება ჩემი დაბარება პორკურტურაში. მე, ბუნებრივია, ვიყენებ კანონით მონიჭებულ უფლებას და ვითხოვ მოსამართლის წინაშე გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა, და იქ ვამბობ ბოლოს რამდენიმე ფრაზას, რომ ალბათ იცით, ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე, ესაა ანაკლიის პროექტი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ყველა ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ გთხოვთ, ეს საკითხი იყოს კონფიდენციალური იმიტომ. რომ 19 იანვარს ვაწერთ ხელს ორ სახელმწიფო ბანკთან, ჰოლანდიის და გერმანიის ბანკთან.
მე ემოციურად ვუთხარი, ჭორის დონეზეც რომ იყოს, რომ ჩვენ ფულის გათეთრების თემაზე საქმე გაქვთ აღძრული, ეს შეუშლის ხელს ჩვენს უზარმაზარ პროექტს. მათ მითხრეს, რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფეირი კონფიდენციალურია და ჩვენ უბრალოდ ვარკვევთ სიტუაციას. თუმცა 9 იანვარს პროკურატურა აკეთებს განცხადებას პრესის და ტელევიზიის წინაშე”, – ამბობს ბიზნესმენი.
