ერთ-ერთ ბლოგპოსტში, რომელიც “ნეტგაზეთზე” გამოქვეყნდა, საუბარია იმაზე, რომ აივ ინფექციის მატარებელმა ადამიანმა შეგნებულად გადასდო ინფექცია ბლოგპოსტის ავტორს. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და მათი რაოდენობა თუ იძლევა განზოგადების საშუალებას?
როგორც ამას ავტორი ამბობს, რომ ადამიანი ატყუებდა წლების მანძილზე, ისარგებლა თავისი პარტნიორის ერთგულებით და იმით, რომ ეს პარტნიორი მას ენდობოდა, ეს ძალიან ცუდი მაგალითია და საბედნიეროდ, ეს მაგალითი უიშვიათესი გამონაკლისია, არა მხოლოდ საქართველოს პრაქტიკაში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზეც. ძალიან ბევრი მასალა არსებობს იმისა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთეული შემთხვევები და ყველა ის სტერეოტიპი, რომ ინფიცირებული შეგნებულად ავრცელებს ინფექციას, არასდროს არ დამტკიცებულა არც ერთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ერთეული შემთხვევები არის აღწერილი სხვადასხვა ქვეყანაში, ერთადერთი მაგალითი მახსენდება, როცა ერთმა ადამიანმა ინფექცია გადასდო რამდენიმე ქალბატონს და, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი დაისაჯა, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 40 000 000 ინფიცირების შემთხვევაა. ამ რაოდენობაში- შეგნებულად ან გულგრილობით, ან უმეცრებით- ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
საქართველოში მე სულ ერთი შემთხვევა ვიცი, რომელიც გახმაურდა. შესაძლებელია არის მეტი, მაგრამ არ მოსულა ჩვენამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგადად აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმის გამო ადამაინები გაურბიან თავიანთ სტატუსზე საუბარს, შესაბამისად, არ ამჟღავნებენ, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა ვიცით, როცა ახალგაზრდა გოგო აღნიშნავდა, რომ ის დაინფიცირდა მისი მეუღლისაგან (მოტაცებით შედგა ეს ქორწინება და მოიტაცა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა იცოდა საკუთარი სტატუსის შესახებ). თუმცა ეს არის მართლაც უიშვიათესი გამონაკლისი, რომელიც არ იძლევა განზოგადების საშუალებას და არც უნდა მოხდეს ამის განზოგადება. ეს დაახლოებით ისეთი შემთხვევაა, რომ, ვთქვათ, კახეთში ასაკოვანმა ადამიანმა გააუპატიურა ბავშვი, პედოფილია და მერე ვთქვათ, რომ კახეთში მცხოვრები მამაკაცები პედოფილები არიან. ხომ არ ვაკეთებთ ამას? ამიტომ ვამბობ, უიშვიათესი გამონაკლისების განზოგადება მთელ ჯგუფზე არის დიდი შეცდომა. ეს იმდენად ერთეული შემთხვევებია, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედება, კანონდარღვევა ნებისმიერ საზოგადოებაში გარკვეული პროცენტული მაჩვენებლებით ჩვენ ისედაც გვაქვს – ვიღაც რაღაცას აშავებს, მათ შორის არც აივ ინფიცირებული, როგორც მთლიანი საზოგადოება, არ არის ფრთიანი ანგელოზი, რომელსაც არასდროს არაფერი შეეშლება, მაგრამ ჯგუფზე განზოგადება არის ძალიან დიდი შეცდომა და არასწორია. ძირითადად, ჩვენთან არიან რეგისტრირებული და ვეკითხებით ინფიცირების შესაძლო გზებს, არც ერთს არ უთქვამს, რომ მას პარტნიორმა შეგნებულად გადასდო ვირუსი.
ვირუსის გადაცემის რა გზები არსებობს?
ვირუსის გადაცემის მხოლოდ სამი გზა არსებობს, ესენია დაუცველი სქესობრივი კავშირი, კონდომის გარეშე სქესობრივი კავშირი, ამ შემთხვევაში უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ რისკი არის ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კავშირის დროს, ვგულისხმობ ვაგინალურ, ორალურ და ანალურ სქესობრივ კავშირებს. არ აქვს მნიშვნელობა აქტის მონაწილეები იქნებიან მამაკაცები თუ მამაკაცი და ქალი. სამივე ტიპის სქესობრივი კავშირის დროს არსებობს ვირუსის გადაცემის რისკი, თუ არ არის გამოყენებული კონდომი. მეორე გზაა სისხლის გზა, რომელიც აერთიანებს ინფიცირებული ადამიანის სისხლის გადასხმას, სამედიცინო მანიპულაციების დროს არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებას და ამ სისხლის გზაშივე შედის ინექციური ნარკოტიკის მოხმარების დროს, როდესაც ხდება ე.წ. შპრიცის ან ნემსის, ან ზიარი ჭურჭლის გამოყენება, რომელშიც ამზადებენ საინექციო ხსნარს. როცა ამ მოწყობილობის გამოყენება ხდება, მაშინაა გადაცემის რისკი. მესამე გზას საზოგადოების ყველაზე ნაკლები ნაწილი იცნობს და აუცილებელია, რომ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია – ესაა ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემა, ეს შესაძლებელია მოხდეს, როგორც მუცლადყოფნის დროს, ასევე, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვების დროს. რატომ ვუსვამ ხაზს, რომ სასურველია საზოგადოებამ იცოდეს ამ გზის შესახებ, რადგან არასებობს პრევენციული მკურნალობა, თუ დედა აივ ინფექციის მატარებელია, იწყება პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც თეორიულად ნულოვან ზღვრამდე ამცირებს ვირუსის გადაცემას ნაყოფსა და ახალშობილზე.
და ამ 3 გზიდან ვირუსის გადაცემის რომელი გზაა ყველაზე ხშირი საქართველოში?
ყველაზე ხშირია სისხლის გზა, რომელშიც უდიდესი წილი მოდის ინექციური ნარკოტიკის მოხმარებაზე. ინექციური ნარკოტიკების მოხმარება წლების მანძილზე იყო წამყვანი, სადღაც 70%-მდე იყო მისი წილი მთლიანად ინფიცირებულთა რაოდენობაში საქართველოში. ახლა თანდათან შემცირდა, სადღაც 50-55% რჩება და შედარებით გაიზარდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით ინფექციის გავრცელება, მაგრამ აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით ვირუსის გავრცელების უდიდესი წილი მოდის სწორედ ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლის სქესობრივ პარტნიორზე. ამ შემთხვევაში ორი გზა გადაიკვეთა, ერთი, ინექციური ნარკოტიკის მოხმარების დროს არასტერილური საინექციო საშუალებების გაზიარება და ასევე, დაუცველი სქესობრივი კავშირები.
პირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, როგორ იცავს კანონმდებლობა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ სპეციალურად გადასდეს ვირუსი და ამის დამტკიცებას შეძლებს.
ინფიცირებული ადამიანი მას შემდეგ, რაც შეიტყობს თავის სტატუსს, მას განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები. ორივე მხარე დაცულია საქართველოში, კანონმდებლობა მთლიანად იცავს ინფიცირებულ ადამიანს, მაგრამ მათთან ერთად იცავს საზოგადოებასაც, ამიტომ მათ განემარტებათ ყველა ის საფრთხე, რაც შეიძლება მიაყენონ მესამე პირს. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ამ კანონმდებლობას, თუ, რა თქმა უნდა, რეგისტრაცია აქვთ გავლილი და იციან თავისი სტატუსი, ამ ჯგუფზე მაქვს საუბარი. ის ადამიანი, რომელმაც იცის თავისის სტატუსის შესახებ და აღრიცხვაზე იყო შიდსის ცენტრში, პირდაპირ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მას მიეწოდა ინფორმაცია მისი ვალდებულებების შესახებ. ერთ-ერთი ვალდებულებაა ის, რომ უნდა დაიცვას ნებისმიერი ადამიანი ვირუსის შეყრის საფრთხისგან. მან უნდა გააფრთხილოს თავისი სქესობრივი პარტნიორი, თუ ის ინფიცირებულია. ამას ვეძახით პარტნიორის შეტყობინებას და ეს სავალდებულო შეტყობინება საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია, რომ ინფიცირებულმა შეატყობინოს პარტნიორს. თუ ამას არ აკეთებს და ეს გამოაშკარავდა, ანუ სარჩელი წამოვიდა და მტკიცდება, რომ ადამიანი იყო ინფიცირებული, იცოდა თავისი სტატუსი და არ უთხრა პარტნიორს, ეს უკვე დანაშაულია, მაგრამ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდება, თუ მართლა გადაედო ინფექცია. ამ შემთხვევაში, თუკი ბლოგის ავტორი ნამდვილად დაადასტურებს, რომ პარტნიორს არ ჰქონია მასთან კომუნიკაცია, არ შეატყობინა, ან დაუმალა თავისი ინფიცირების შესახებ და შედეგი დადგა, რომ თავადაა უკვე ინფიცირებული, ამ შემთხვევაში მისი პარტნიორი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. მაგრამ ისევ სტიგმის გამო ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, არ ხმაურდება.
თქვენ ახსენეთ გოგონას ისტორია, რომელიც მეუღლისგან დაინფიცირდა, დაისაჯა ის ადამიანი, ვინც მას აივ ინფექცია გადასდო?
კი, ის ადამიანი დაისაჯა. მეორე იქნება ეს შემთხვევა, ამ ბლოგის ავტორი, თუკი შეიტანს სარჩელს, მაგრამ ძირითადად ურჩევნიათ ანონიმურად დაწერონ წერილი და ემოციები გაუზიარონ სხვებს, როგორც კი წარმოიდგენენ პროცესს, რომ უნდა დაიწყოს სასამართლო, თავს იკავებენ, არ ენდობიან არც საზოგადოებას და ალბათ, არც სამართალდამცავებს.
სტიგმაზეც მინდა გკითხოთ, არაერთ დისკუსიას დავსწრებივარ აივ ინფექციასთან და შიდსთან დაკავშირებით, საერთოდ სხვადასხვა დაავადების შემთხვევებში ხშირად საუბრობენ სტიგმაზე, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ აივთან დაკავშირებული სტიგმა კიდევ უფრო პრობლემურია, რატომ?
აივ ინფექციის მატარებელი ადამიანის მიმართ საზოგადოებას ძირითადად უჩნდება შიში და განკიცხვის სურვილი. შიში ისტორიიდან იღებს სათავეს, ეს ინფექცია წამოვიდა ძალიან ისტერიულად, არ იცოდნენ რა ვირუსი იყო და იცოდნენ, რომ ახალგაზრდები იღუპებოდნენ. ეს იყო სიკვდილის და გაუცნობიერებელი გამომწვევის შიში. მას შემდეგ, რაც ვირუსის დადგენა მოხდა და მკურნალობის შესაძლებლობები ძალიან გაიზარდა, ადამიანებს შეუძლიათ მკურნალობის დახმარებით წლების მანძილზე აქტიურად იცხოვრონ, უკვე ეს მომენტები მოიხსნა, მაგრამ დარჩა სტერეოტიპები. ეს დაავადება პირველად ჰომოსექსუალ მამაკაცებში აღმოაჩინეს, ჰომოსექსუალობასთან ასოცირებული სტიგმა, რომელსაც მიება დაავადება, გამოვიდა, რომ ეს იყო მომაკვდინებელი სენი, რომელიც ემართებოდათ ჰომოსექსუალური ქცევის მამაკაცებს. აივ ინფექცია, საბოლოო ჯამში, ასოცირდა სამ ჯგუფთან, რომელიც თავის მხრივ ისედაც ასოცირებულია სტიგმასთან. ესენია ჰომოსექსუალური ქცევის მამაკაცებთან, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებთან და სექს-მუშაკებთან. ეს სტერეოტიპები ძალიან უცებ მკვიდრდება და ძალიან ნელა და ძნელად იმსხვრევა.
აძლიერებს თუ არა სტიგმას ისიც, რომ ვირუსის გადაცემის თავიდან არიდება ადამიანის მიერ კონტროლირებად ქცევად მიიჩნევა, რომ მას შეუძლია დაიცვას თავი სექსის დროს, ან ფრთხილი იყოს სხვადასხვა შემთხვევებში?
ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, ჩვენს კონტროლს ქვეშ არის, მაგალითად, სიმსუქნე ან სიგარეტის მოწევა, ვიცით, რომ თამბაქო კლავს, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ ვნებას, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერად ვიცით თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ამის გამო დიდად ამრეზით არ გვიყურებს საზოგადოება. წამყვანი მაინც, ვფიქრობ, არის სტეროტიპები და არარაციონალური შიში და ამ შიშის მიზეზია ინფორმაციის ნაკლებობა.

როგორ უნდა მიეწოდოთ ადამიანებს ეს ინფორმაცია, რა ასაკიდან, ვინ უნდა ესაუბროს საზოგადოებას ამ საკითხებზე?
ინფორმაციის მიწოდება უნდა დაიწყოს ყველა შესაძლო ასაკში, ოღონდ ასაკისთვის მორგებული 4-5 წლის ასაკის ბავშვებშიც კი, როდესაც პატარები ინტერესდებიან საკუთარი სქესით, ამ შემთხვევაშიც უნდა მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, მაგრამ განსაკუთრებით სკოლის ასაკში არ მივაწოდოთ ინფორმაცია ახალგაზრდებს, ეს საშინელებაა. ჩვენთან, სამწუხაროდ, მშობლებიც ძალიან ჩაკეტილები არიან და ტაბუ აქვთ ოჯახში და ვერ ესაუბრებიან შვილებს. მე არ მქონია ეს ტაბუ, ბიჭი მყავს და ყოველთვის ვესაუბრებოდი ამ თემაზე, ყოველთვის ვეუბნებოდი გადაცემის გზებზე, კონდომზე, მოვუტანდი სახლში, როცა პატარა იყო და მხოლოდ თამაში შეეძლო ამ კონდომებით, მაგრამ მინდოდა, რომ ამას მიჩვეოდა. ეს ტაბუ უნდა მოიხსნას ოჯახებში. აუცილებლად ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაშიც უნდა იყოს ეს და არა მე-9 მე-10 კლასებიდან, ეს ასაკი უკვე გვიანია. “ფეისბუქი”, არ ვიცი, რამდენად სანდო წყაროდ გამოდგება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ნაწერი შემხვედრია, რომ ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელსაც ევალება, რომ ამაზე ისაუბროს, იტყვის, რომ დღეს მარხვაა და ვერ ვისაუბრებთ. ასე ვერ მივაწოდებთ ინფორმაციას და ვერც სტერეოტიპები დაირღვევა, თუ მარხვის დროს ვერ ვახსენებთ სიტყვას სექსი, კონდომს და სხვა. სკოლებში უფრო ადრე უნდა დაიწყოს ამ თემებზე საუბარი და უფრო მეტ თემასაც უნდა მოიცავდეს. ძალიან ფრთხილად იქცევიან ამ თემებზე, თუ, მაგალითად, ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ნარკოტიკზე. თამბაქოზე მარტივად ხდება ინფორმირება, სექსზე გაკვრით ესაუბრებიან და ძირითადად მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს, რომ სახლში წაიკითხეთ.
და ზრდასრულ საზოგადოებას როგორ უნდა ვესაუბროთ სტიგმის დაძლევაზე?
სტიგმის დაძლევის მთავარი მეთოდია- ერთი, რომ ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე მოვხსნათ ეს არარაციონალური შიში და მეორე, პერსონალური ისტორიები, რომ ამ ადამიანებმა წარმოიდგინონ თავი მათ ადგილას. როდესაც ამ არარაციონალური შიშის უკან დადგება ადამიანი, რომელიც ჩვენნაირია, უბრალოდ მას ვირუსი აქვს, პერსონალური ისტორიები დიდ როლს თამაშობს, რომ მეორე ადამიანს შერცხვეს და გაიაზროს – რატომ მოვექეცი ამ ადამიანს ასე.
ეხმარება თუ არა სტიგმის დაძლევას თავად აივ ინფექციის მატარებლისგან სტატუსის გახსნა?
კი, ეხმარება. სხვა ქვეყნებში როგორ გადალახეს ეს სტიგმა? ინფექცია იმდენად შეიჭრა თვითონ ახლობლების წრეში, ვთქვათ, მე რომ მეშინოდა ამ ინფექციის, მაგრამ ვიცი ჩემი დეიდაშვილი, შეყვარებული, მეგობარი, ინფიცირებულია, მისი ემოციები მეც მტკივა, რაც უფრო მეტად შემოიჭრება და მეტი ადამიანის სტატუსი გვეცოდინება, მერე უფრო გავიშინაურებთ, მაგრამ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც გავიშინაუროთ. ხომ შეიძლება, სანამ ვირუსი ძალიან ბევრს შეეხება, მანამდე მოხდეს ამ სტიგმის დაძლევა. ამისთვის აუცილებელი ამ ისტორიების სწორად გაშუქება და ინფორმაციის მიწოდება.
მათგან გმირობას ხომ არ ვითხოვთ, რთულია ისეთ საზოგადოებაში გაბედო, სადაც იცი, რომ გაიკიცხები?
აი, ეს არის ზუსტად, თუ საზოგადოების არ შეგიშინდება, მაშინ გაბედვაც აღარ დაგჭირდება. გვინდა, რომ ჩემპიონი ერქვას ადამიანს, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ მე მქონდა ამის და ამის უფლება და მე ეს უფლება წამართვეს და ითხოვს ამ უფლების აღდგენას, ასე უნდა გავძლიერდეთ. აივ ინფექციის მატარებელი თუკი ამას შეძლებს, ერთი, ორი, სამი, ასეთი პრეცედენტი დაიშვება საზოგადოებაში, ეს სწორად იქნება აღქმული და დამოკიდებულება შეიცვლება. საქართველო არ არის ცუდი გამონაკლისი და იმედია, რომ ემპათია შეგვიძლია გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ.
