როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აქამდე აღნიშნული უფლებამოსილება ტერიტორიული ორგანოების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს არ ჰქონდათ იმ ტერიტორიებზე, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო არეალი იყო.
ამ ცვლილებასთან ერთად, შსს–ს თანამშრომლები ოჯახში ძალადობის საკითხზე სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან:
“აღნიშნულ ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით ყველა საუბნო განყოფილებიდან 452 უბნის ინსპექტორი გაივლის. თითოეული განყოფილებიდან წარმოდგენილი იქნება 2 თანამშრომელი: ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. ტრენინგების პირველი ეტაპი 46 საუბნო განყოფილების 92 უბნის ინსპექტორისთვის თბილისში გაიმართება. ტრენინგების მეორე ეტაპი 10 სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების 180 განყოფილების 360 უბნის ინსპექტორისთვის გაიმართება”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შესწავლილია 13 საქმე, რომელიც შეიცავდა ოჯახში ძალადობის შედეგად ჩადენილ მკვლელობას. 13 შემთხვევიდან აღმოჩნდა, რომ მკვლელობამდე პოლიცია მხოლოდ 1 ოჯახში გამოიძახეს.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით შსს საინფორმაციო კამპანიას გეგმავს, მათი ინფორმაციით, მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც სატელევიზიო და რადიოეთერებში, ასევე, სოციალურ ქსელებში განთავსდება.

