პარლამენტის ყველა კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა. რატიფიკაცია ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება, რომელსაც შტეფან ფულე და სხვა სტუმრები დაესწრებიან.
“კომიტეტებმა მხარი დავუჭირეთ ხელშეკრულების რატიფიკაციას. ხვალ, 12 საათზე დაიწყება სხდომა, სადაც მთავარი მომხსენებლები გამოიტანენ რატიფიკაციისთვის ხელშეკრულებას. ხვალ საპარლამენტო დებატებიც გაიმართება, ხოლო დღის მეორე ნახევარში ველოდებით ევროკომისარს და სხვა სტუმრებს,”– ამბობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და აღნიშნავს, რომ მას მხოლოდ გაუხარდება, თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება სხდომას.
საგარეო საქმეთა მინსიტრი მაია ფანჯიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატების 100 % მხარს დაუჭერს რატიფიკაციას:
“ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ყველა კომიტეტმა დაუჭირა მხარი ამ შეთანხმებას. მე კმაყოფილი მივდივარ პარლამენტიდან იმ იმედით, რომ ხვალ რატიფიკაციას პარლამენტის შემადგენლობის 100 პროცენტი დაუჭერს მხარს, რადგანც ეს არის საქართველოს ეროვნული იდეა, მისი ევროპიზაციის გეგმა და ამ თემაზე ჩვენ არ გვაქვს დისკუსია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც 2010 წლიდან ჩართული იყო ამ უზარმაზარი შეთანხმების მომზადებაში”.
„ასოცირების დღის წესრიგი” წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) იმპლემენტაციისთვის.
„ასოცირების დღის წესრიგი” ჩაანაცვლებს 2006 წლიდან მოქმედ საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას და ჩამოაყალიბებს პრაქტიკულ ჩარჩოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დოკუმენტი შეიცავს პოლიტიკურ კომპონენტს, მათ შორის ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
„ასოცირების დღის წესრიგი” ასევე მოიცავს ეკონომიკურ და ვაჭრობის თემებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პრიორიტეტებს და დარგობრივ, მაგ. ენერგეტიკის, ტრანსპორტის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებს. ევროკავშირი სხვადასხვა ინსტრუმენტებით დაეხმარება საქართველოს „ასოცირების დღის წესრიგის” განხორციელებაში, მათ შორისაა ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური ექსპერტიზა და გამოცდილების გაზიარება.

