“2014 წლის 15 ივლისს, შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე „დ“ კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა). შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.

 

ასევე აღმოჩენილი იქნა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიც. მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობისა და სხვა შესაძლო ვერსიები. გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე მკვდარი იპოვეს. 

 

ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შ.პ.ს. “რუსთავის სადაზღვევო კომპანია. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გაზეთი “რუსთავის ახალი გაზეთი” და მოგვიანებით შ.პ.ს. “გამა+” რომელმაც შექმნა “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”, 1994-2004 წლებში მუშაობდა “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორად. 2004 წელს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

 

2007 წელს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტად. 2007 წლის დეკემბერში იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2010 წელს იყო “ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა “მაესტროს” მართვის კომპანიას. 2014 წელს კენჭს იყრიდა რუსთავის მერის პოსტზე.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *