განცხადების თანახმად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა გადაცემის გარშემო მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებდა, რომ ტელეკომპნაიის ხელმძღვანელობა და გადაცემის ავტორებიც გააცნობიერებდნენ მედიის პასუხისმგებლობას და პროგრამის უხამსი და დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მონაკვეთის გამო ბოდიშს მოიხდიდნენ:
“როგორც აღმოჩნდა, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისთვის გაუგებარია საზოგადოების იმ ნაწილის არგუმენტები, რომელმაც აღნიშნულ გადაცემაში გენდერული დისკრიმინაციის წახალისება დაინახა და გააპროტესტა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ადასტურებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას გადაცემის კონკრეტული ფრაგმენტისადმი, ეთანხმება უკვე გამოთქმულ პროტესტს და თავის მხრივ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიამ კონკრეტული გადაცემის ფრაგმენტით დაარღია კანონი მაუწყებლობის შესახებ და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც უხამსობის შემცველი, დისკრიმინაციის წამახალისებელი და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი პროგრამების გადაცემას კრძალავს,” – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ქარტია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის იმ მონაკვეთზე მიუთითებს, რომლის მიხედვით განსაზღვრულია დროის ის მონაკვეთი და ისეთი პროგრამების ჩამონათვალი, რაც ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის საფრთხეს.
“ზემოთაღნიშნული გადაცემა ეთერში გადაიცემოდა დროის სწორედ იმ მონაკვეთში (20.00 საათიდან 23.00 საათამდე), რომელიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსიით მიიჩნევა წყალგამყოფ პერიოდად და მის განმავლობაში დაუშვებელია ისეთი პროგრამებისა და გადაცემების განთავსება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ზიანს 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მაუწყებელი მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს მსგავსი პროგრამების განთავსებას ეთერში და გაითვალისწინოს ყველა ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა ამგვარი მასალის ეთერში გადაცემით შეიქმნას,”– აღნიშნულია განცხადებაში.
