დისკუსიაზე მოხსენება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ნათია წკეპლაძემ და მაია ბაქრაძემ, ასევე საიას აღმასრულებელი დირექტორმა თამუნა გვარამაძემ გააკეთეს.
მაია ბაქრაძის თქმით, მას ესმის, რომ სასამართლოს კრიტიკა შეიძლება მომგებიანიც იყოს და ასევე საფუძვლიანიც, თუმცა ეს კრიტიკა კრიტიკას არ უნდა გასცდეს:

“არ უნდა ხდებოდეს ამ თემებით მანიპულირება, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების შტოების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესიც. უვადოდ დანიშვნის წესი არ ვრცელდება მოქმედ მოსამართლეებზე, ეს იწვევს გარკვეულ დისბალანსს სისტემაში. ამ საკითხზე თვითონ მოსამართლეებშიც განსხვავებული მოსაზრებებია.”
ნათია წკეპლაძემ შეხვედრაზე დასვა კითხვა, ემხრობოდნენ თუ არა დამსწრეები სასამართლო სისტემის მოქმედ კონსტიტუციურ მოდელს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, საპარლამენტო ურმავლესობა არსებულ მოდელთან მიმართებაში კრიტიკულია:
“მე რაც მისაუბრია პოლიტიკურ გუნდში, არაერთი საკითხის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა. მიგვაჩნია, რომ ძირითადი საკითხები კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს. როდესაც ახლა მიმდინარეობს მუშაობა სასამართლო სისტემის კონსტიტუციურ მოდელზე, განიხილება სხვადასხვა მოდელები. არის მოდელი, რომელიც წარადგინა ბატონმა კუბლაშვილმა, არის სხვა მოდელებიც. არის მოდელი, სადაც გათვალისწინებულია მოსამართლეთა კარიერული წინსვლა და არა ასე, ქუჩიდან ნებისმიერი პირი რომ შეიძლება ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში გამწესდეს. მე ვერ გეტყვით, რა მოდელი იქნება მიღებული.”

როგორც დისკუსიაზე აღინიშნა, მოსამართლეების შერჩევის საგამოცდო პროგრამა დახვეწას საჭიროებს:
“საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ” აღნიშნული დისკუსია გამართა სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე სასაუბროდ. თემა ძალიან ფართოა და, ცხადია, საკითხს ერთ დღეში ვერ ამოვწურავთ, თუმცა ეს დისკუსიები გაგრძელდება. შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივები მომდევნო დისკუსიების საკითხებთან დაკავშირებით. დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ სასამართლო სისტემაში ბევრი გამოწვევაა და სამუშაოც ბევრია,” –ამბობს აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი.
დღევანდელი საჯარო დისკუსია პროექტის “მოსამართლეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სასამართლო გაძლიერების პროცესში” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც “საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

