შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.
“წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი), ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა- გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლი) – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით”, – ნათქვამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
