ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს, რის გამოც ავიაკომპანია “ვიზეარის” ორი რეისი გადაიდო.

როგორც “ნეტგაზეთს” ავიაკომპანიაში განუცხადეს, ძლიერი ქარის თანმდევი რისკების გამო გაუქმდა რეისები ქუთაისი-ბარსელონისა და ქუთაისი-მილანის მიმართულებით. “ვიზეარში” აცხადებენ, რომ ასეთ დროს მგზავრები ბილეთებს ინდივიდუალურად ცვლიან და კონკრეტულ ვადებზე ვერ ისაუბრებენ.

მანამდე, სტიქიის გამო, ავიაკომპანია “ვიზეარსა” და მის მგზავრებს სხვა პრობლემებიც შეექმნათ: კომპანიის კუთვნილი ორი ლაინერიდან ბარგის გადმოტვირთვა ვერ ხერხდებოდა.

“მგზავრებს, რომლებიც არ ცხოვრობენ ქუთაისში, ბარგი მიეწოდებათ სასურველ მისამართზე”, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

ქუთაისსა და იმერეთის სხვა ნაწილებში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში დილიდან ძლიერი ქარია. სტიქიამ სხვა არაერთი პრობლემა შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ავტომანქანები.

დაზიანებული სახლები, ავტომობილები და მოგლეჯილი ხეები – ძლიერი ქარი დას. საქართველოში