დავით კოდუას მკურნალი ექიმის, ევგენი ნიკოლაშვილის განცხადებით, პაციენტი ინგოროყვას კლინიკაში ოჯახის თხოვნით გადაიყვანეს:
“როდესაც დავით კოდუა საავადმყოფოში შემოიყვანეს, სახეზე აღენიშნებოდა ტრავმები. ჩაუტარდა გამოკვლევა, ესაჭიროება შემდგომი მკურნალობა. აქვს ყბა–სახის დახურული ტრავმები და ცხვირის ძვლების მოტეხილობა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.”

დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე ბიზნესმენ დავით კოდუას თბილისში, აბაძიშის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოჯახის წევრებს ვერსია არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასმა.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დავით კოდუას ცემის ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დავით კოდუა სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.
