“საუბარი სომხურ-რუსულ ცუდ ურთიერთობებზე დღეს, უბრალოდ სასაცილოა” – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა 17 აგვისტოს ერევნის ცენტრში შეკრიბილ საკუთარ მხარდამჭერებს განუცხადა იმაზე საპასუხოდ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სომხეთის ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებაში ბრალს დებენ.
“ჩემი პრემიერობის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს ორჯერ შევხვდი და სამჯერ სატელეფონო საუბარი გვქონდა. სომხურ-რუსული ურთიერთობები არათუ გაუარესდა, პირიქით, გაუმჯობესდა და უმჯობესდება.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ყველა შესაბამისი პროცედურის შემდეგ საზოგადოება შეიტყობს ახალი, რუსეთთან ერთობლივი ინიციტივის შესახებ ჰუმანიტარულ სფეროში, რომლის მსგავსიც დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჯერ არ ყოფილა”.
სომხეთის პრემიერმა მიმართა იმ რუს ექსპერტებსაც, რომლებიც ირწმუნებიან რომ სომხეთი დასავლეთისკენ უჭირავს თვალი.
“სომხეთი არსაით მიდის. სომხეთი მყარად დგას, წელში გამართული, ამაყი მოქალაქეებითა და ღირსეულად. სომხურ-რუსული სტრატეგიული კავშირები გაღრმავდება და განვითარდება”, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა 2018 წლის 8 მაისს აირჩია. ფაშინიანის პრემიერდ არჩევას სომხეთში წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები წინა მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.
