“მე არ ვყოფილვარ ასე გაბრაზებული, ეს მართლა ყველა საზღვარს სცდება, 80 % პრაქტიკულად დასრულებულია, ასობით მილიონი დახარჯულია. მე მინდა თბილისელებმა გაიგონ, რა არის ამ მშენებლობის არსი და რას ართმევენ თბილისს. მშენებლობა როგორც კი დამთავრდება, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საცობები. მე არ მინახია და არ ვიცი მსოფლიოში არცერთი ავადმყოფი რეჟიმი, რომელიც ამას გააკეთებდა და გააჩერებდა მშენებლობას. არც კომუნისტური, არც ფაშისტური, არც განვითარებული, არც განუვითარებელი. მართლა უნიკალურები ვართ ქართველები, რა… მე მინდა მივმართო პრემიერ–მინისტრს აზრზე მოვიდეს, იმიტომ, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, რა არის ამის გაჩერება?! მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკო ხო არ გონია ეს?! ეს არის თბილისის მომავალი და თბილისის ერთადერთი გადარჩენა.
უნდა გეზიზღებოდეს თბილისი, რომ ეს გააკეთო, ეს არის იმ ადამიანის გაკეთებული ვისაც აქვს თბილისის და თბილისელების ზიზღი და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ– ქვეყნის მომავალი არ უნდა. ამას რომ კეტავდა, ერთხელ მაინც არ უნდა ენახა რას კეტავდა? თუ ვიღაც გუნცაძეების დონეზე უნდა იყოს ეს ყველაფერი? ამხელა სამუშაოები გაკეთდა. ერთხელ არ უნდა გამოსულიყო კაბინეტიდან? არ უნდა მოსულიყო და ცალი თვალი მაინც არ უნდა შეევლო? მესმის, რომ არ უყვარს გამოსვლა თავის შუშის კოლბიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მაინც არ უნდა მოსულიყო და არ ენახა თავისი თვალით? კაბინეტში ზის და ხელის ერთი გაკვრით მოკლა იმხელა რაღაცა ისე, რომ თვალითაც არ უნახავს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით, რომლის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, რკინიგზა თბილისის ზღვის გავლით გავიდოდა ქალაქიდან. შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებით, გადაიჭრებოდა სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და ქალაქი აღარ იქნებოდა ხელოვნურად ორ ნაწილად გაყოფილი, რაც რკინიგზით არის გამოწვეული. თბილისის ცენტრალური ნაწილი ტრანსპორტისგანაც მნიშვნელოვნად განიტვირთებოდა.
“პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო დიდუბის რკინიგზის სადგურიდან ნავთლუღის სადგურამდე არსებული ტერიტორიის რკინიგზის ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურისგან გამოთავისუფლება, აღნიშნული ტერიტორიის ათვისება და საქალაქო სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება. გამჭოლი მაგისტრალი დავით აღმაშენებლის ხეივანს კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებდა. გამოთავისუფლებულ 100 ჰექტარამდე ტერიტორიაზე მაღალი კატეგორიის მრავალფუნქციური, საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცე ჩამოყალიბდებოდა. ქალაქში გაჩნდება ახალი თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების შესაბამისი ცენტრი, რომლის ფართო შემოქმედებითი განვითარების საშუალება მიეცემოდათ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ არქიტექტორებს”– ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა და მიიღო გადაწყვეტილება არსებული მშენებლობები დაეკონსერვებინა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაზეც „საქართველოს რკინიგზამ“ დაახლოებით 200 მილიონი ლარი დახარჯა, კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაქირავებულმა გერმანულმა საკონსულტაციო ჯგუფმა ივნისში დაიწუნა. პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა რამდენიმე თვის წინ „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ რკინიზის შემოვლითი პროექტის განხორციელება წინასწარი შესწავლის გარეშე მოხდა.
“ეს არის ერთ–ერთი უგუნური პროექტი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ყოველგვარი წინასწარი გათვლის და ტექნიკური დასაბუთების გარეშე დაიწყო. ეს იყო ე.წ. ლოზუნგური პროექტი. დღეს მოხდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მხიდან ამ პროექტის შესწავლა და აღმოჩნდა, რომ როგორც მშენებლობის, ისე ექსპლოატაციის ფაზაში პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეაფერხებს „საქართველოს რკინიგზის“ მომავალ საქმინობას და განვითარებას.“
გია ხუხაშვილი განცხადებითვე, კომპანიას ამ პროექტის გადაკეთება მოუწევს, ხოლო უხარისხო პროექტზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს:
„სააკაშვილისთვის ის კი არ იყო მთავარი, ქვეყანა წინ წაეყვანა, მთავარი იყო, რომ ლენტი გაეჭრა და ვირტუალურ პროექტებზე ესაუბრა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინტერესები ამ ყველაფრის შედეგად მნიშვნელოვნად ზიანდებოდა. ეს პროექტი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროექტთან დაკავშირებით სააკაშვილის კისერზეა, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეზე. ეს იყო მისი მორიგი ახირება.“– განაცხადა ხუხაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
