“გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ მინისტრის არანაირი ვიზიტი არ მომხდარა მოსკოვში, არც იგეგემება მინისტრთა კაბინეტის არცერთი წევრის ვიზიტი. ეს იყო, უბრალოდ, ლინგვისტური შეცდომა და ნაგულისხმევი იყო, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ყველა უწყება მუშაობს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიდეს რუსეთის ბაზარზე, სტაბილურად დაიმკვიდროს ადგილი, არა მარტო რუსეთის უწყებებთან მიმდინარეობს ამ მხრივ მოლაპარაკება, ასევე მიმდინარეობს უკრაინასთან, ბელორუსიასთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. ამ ფარგლებში, უბრალოდ, გააქტიურებულია რუსეთთან მუშაობა, რათა ქართველმა გლეხმა და მწარმოებელ გადამზიდავმა ადვილად შეძლონ თავისი პროდუქციის გატანა, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. ჯამში, მთავრობის თავმჯდომარის კომენტირებისას მინდა აღვნიშნო, რომ იყო ნაგულისხმევი მხოლოდ და მხოლოდ ეს და ტექნიკური თვალსაზრისით იყო, უბრალოდ, კაზუსი, რომ აღქმული იქნა განცხადება ცოტა სხვაგვარად”– განაცხადა არჩილ ხაბაძის თანაშემწემ, ლევან ჯაშმა. 

 

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ “აჭარის” ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა:

 

“ბატონი გიორგი იმყოფებოდა რუსეთში რამდენიმე კვირის წინ და შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა შეთანხმება, თუ არ ვცდები, 10 000 მანქანის გატანის პრობლემა არ გვაქვს. გაადვილებული რეჟიმი იქნება სატვირთო მანქანების გატარების. ეს ერთ ნაწილია. ბატონი შალვა ფიფია უკრაინაში იქნება და შემდგომ ალბათ რუსეთშიც ექნება ვიზიტი, რომ დავალაგოთ ეს სისტემა. მხოლოდ ციტრუსზე არ არის საუბარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მთელი მთავრობა იქნება ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ამ შემთხვევაში, იმის თქმა მინდა, რომ აჭარა არ მოქმედებს ინდივიუალურად. ციტრუსი [რეალიზაცია] არ არის მხოლოდ აჭარის მთავრობის პრობლემა, როგორც ადრე იყო,  ეს მთლიანად საქართველოს მთავრობის პრობლემაა და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, გზებს ვეძებთ, რომ სეზონმა კარგად ჩაიაროს”– განაცხადა ხაბაძემ “აჭარის” ტელევიზიის ეთერით.

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა,  თეა ბოლქვაძემ ხაბძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრი და ვიცე- პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში არც სამუშაო, არც  კერძო ვიზიტით არ იმყოფებოდა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *