“დაბეჯითებით, ხაზგასმით და დასაბუთებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე- პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში არც სამუშაო, არც  კერძო ვიზიტით არ იმყოფებოდა. ჩვენი ვარაუდით არჩილ ხაბაძეს მოუვიდა უნებლიე შეცდომა, ის არასწორად იყო ინფორმირებული.  გეტყვით იმას, რომ რუსეთში 2013 წლის 6–7 აგვისტოს იმყოფებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაცია  და ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე. მას ქონდა მოლაპარაკებები, რაც უკავშირდებოდა  2006 წელს შეჩერებულ სამგზავრო, საავტომბილო და  სატვირთო გადაზიდვების  აღდგენას, სავარაუდოდ, ამ შეხვედრას გულისხმობდა, ან არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია არჩილ ხაბაძეს”,– განუცხადა “ნეტგაზეთს”თეა ბოლქვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ “აჭარის” ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა:

 

“ბატონი გიორგი იმყოფებოდა რუსეთში რამდენიმე კვირის წინ და შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა შეთანხმება, თუ არ ვცდები, 10 000 მანქანის გატანის პრობლემა არ გვაქვს. გაადვილებული რეჟიმი იქნება სატვირთო მანქანების გატარების. ეს ერთი ნაწილია. ბატონი შალვა ფიფია უკრაინაში იქნება და შემდგომ ალბათ რუსეთშიც ექნება ვიზიტი, რომ დავალაგოთ ეს სისტემა. მხოლოდ ციტრუსზე არ არის საუბარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მთელი მთავრობა იქნება ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ამ შემთხვევაში, იმის თქმა მინდა, რომ აჭარა არ მოქმედებს ინდივიუალურად. ციტრუსი [რეალიზაცია] არ არის მხოლოდ აჭარის მთავრობის პრობლემა, როგორც ადრე იყო,  ეს მთლიანად საქართველოს მთავრობის პრობლემაა და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, გზებს ვეძებთ, რომ სეზონმა კარგად ჩაიაროს”– განაცხადა ხაბაძემ “აჭარის” ტელევიზიის ეთერით. 

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ, რამდენადაც მათთვის ცნობილია, არჩილ ხაბაძე განმარტების გაკეთებას გეგმავს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *