მერიაში არ აკონკრეტებენ, აპირებს თუ არა კოპალიანი, რომ გადადგომის მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბროს. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძის განცხადებით, როდესაც კოპალიანი შვებულებაში იმყოფებოდა, (23 აგვისტო –11 სექტემბერი) მერის მოვალეობებს ვიცე–მერი კონსტანტინე ლომიძე ასრულებდა, თუმცა მას ეს უფლებამოსილება მაშინ შეუწყდა, როცა კოპალიანი სამსახურში დაბრუნდა. მისი თქმით, ახლა საკრებულო გადაწყვეტს, რომელი ვიცე–მერი შეასრულებს დროებით მერის უფლებამოსილებას.
“ვიცე–მერმა უნდა შეასრულოს მერის მოვალეობა. ასრულებდა კონსტანტინე ლომიძე, მაგრამ გუშინ როცა კოპალიანი გამოვიდა, მას ეს უფლებამოსილება შეუჩერდა, ახლა საკრებულო გადაწყვეტს, ვინ უნდა შეასრულოს. ამავდროულად, დამუშავდება საკონკურსო პირობები ახალი მერის შერჩევასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით და ინტუიციით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ მოესწრება, რომ ახალი მერი შეირჩეს. ეს, უბრალოდ, ჩემი პროგნოზია. სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ეს მოესწროს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საპრეზიდენტო არჩევნებზეა გადართული, ალბათ, ვინც იქნება მერის შემსრულებელი, მას მოუწევს არჩევნების ჩატარებამდე მოვალეობის შესრულებაც’, – აცხადებს მღვდელაძე და დასძენს, რომ ქუთაისის მერის უფლებამოსილებას, სავარაუდოდ, კვლავ ლომიძე შეასრულებს.
“მინდა აღვნიშნო, რომ კონსტანტინე ლომიძე საკმაოდ კარგად ართმევდა თავს მერის მოვალეობას, საკმაოდ აქტიური იყო და დიდი ალბათობით, ალბათ, ისევ ლომიძე გააგრძელებს მერის მოვალეობის შესრულებას”.
“ნეტგაზეთის” კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ლომიძე მომავალში ქუთაისის მერის პოსტზეც ვიხილოთ, დეპუტატი ასე პასუხობს:
“გარანტირებულად ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ, სავარაუდოდ, ალბათ ამ პერიოდში, როცა მან კიდევ უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა, უფრო კარგად გამოჩნდება მისი შესაძლებლობები და რატომაც არა… რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს იტყვი, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კონკურსის წესით შევარჩიოთ, მაგრამ თუ ის კარგად შეასრულებს ამ მოვალეობებს, რა თქმა უნდა, ექნება მას ერთგვარი ფორა [ჰანდიკაპი] და უფრო მეტი შანსი, რომ იყოს მომავალში [მერი], თუმცა დღეს სათქმელად ძალიან ძნელია. რთული ქალაქია ქუთაისი მაგ მხრივ და პროგნოზების გაკეთება ნათელმხილველებს თუ შეუძლიათ მხოლოდ”.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი აგვისტოში, მანამ, სანამ კოპალიანი შვებულებაში გავიდოდა, მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებდა. მამუკა მღვდელაძე ფიქრობს, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ კოპალიანმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. მღვდელაძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა კოპალიანს შესაძლოა სხვა თანამდებობა შესთავაზოს განათლების სფეროს მიმართულებით.
“დიმიტრი კოპალიანი არის ძალიან პატიოსანი და განათლებული პიროვნება, მაგრამ მისი თვისებები და უნარები არ იყო ქუთაისის მერობისთვის. მისი შესაძლებლობები უმჯობესია გამოყენებულ იქნას ისეთი სფეროების მიმართულებით, როგორიც არის განათლება და მეცნიერება. ქუთაისის მერობისთვის, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან ცოდო იყო. მან ვერ შეძლო ისეთი გუნდის შეკრება, რომელსაც დაეყრდნობოდა. ის იყო ძალიან მოწყვეტილი ქუთაისის რეალობისგან. დასაყრდენი ადამიანების მოძებნა გაუჭირდა. ყველა ცდილობდა, რომ ამ ადამიანისთვის თავისი აზრი მოეხვია თავზე და ძალიან გაუჭირდა, ვეღარ გაიგო ვისთვის დაჯერებინა, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ნაბიჯებს დგამდა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ქუთაისს მან რამე დაუშავა და ზარალი მიაყენა, მაგრამ მომავალში უფრო რთულ მდგოამრეობაში აღმოჩნდებოდა ბატონი დიმიტრი. ერთი პარტია რაღაც საკითხზე თავისას ურჩევდა, მეორე თავისას და ამ ყვეალფრიდან იყო დაბნეული და გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა. გარკვეული ინფორმაცია მას ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა უნდობლობის გამოცხადებით დასრულებულიყო, თუმცა მე ყოველთვის აღვნიშანავდი, რომ ეს არ იყო ერთადერთი გზა და ნამდვილად არ იმსახურებდა ის ამას. მე ვთვლი, რომ გაითვალისწინა მმართველმა პარტიამ ისიც, რომ ეს ადამიანი საქართველოს რეალობაში დასაკარგი არ არის მისი განათლებიდან გამომდინარე და ალბათ უფრო სწორი პოზიციის შეთავაზებით მოხდება ბატონი დიმიტრის გადანაცვლება იმ სფეროში, სადაც ის იქნება უფრო ეფექტური. რამდენადაც მე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას, განათლების მიმართულებით იქნება ბატონი დიმიტრის მიმართ შეთავაზებები. ზუსტ პოზიციას, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით”, – განაცხადა მღვდელაძემ.
