საია–ს განცხადებით, დირექტორისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო იყო სამეურვეო საბჭოს 15 წევრის ნახევარზე მეტი ხმა.

 

6 სექტემბერს გამართულ სხდომაში კი მონაწილეობდა საბჭოს 7 წევრი, 2 წევრი – ნატალია დვალი და ნინო დანელია სხდომის მიმდინარეობისას სკაიპით ჩაერთნენ პროცესში და ასე გამოხატეს თავიანთი ნება. მათ ნაცვლად სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს მათმა წარმომადგენლებმა, წარმომადგენლობა კი ნოტარიულად იყო დამოწმებული. 

 

 

საია–ს განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობასა და ხმის მიცემას წარმომადგენლის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სამეურვეო საბჭო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას  და, შესაბამისად, გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ აქვს უფლება, განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს წევრს არცერთი ნორმატიული აქტით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებები წარმომადგენლის მეშვეობით.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ საია–ს პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან კენჭისყრისას ნინო დანელიამ და ნატალია დვალმა ცხადად გამოხატეს თავიანთი ნება, წარმომადგენლებმა კი მხოლოდ მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი გადაწყვეტილებას და სხდომის ოქმს. ემზარ გოგუაძის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ განცხადების გაკეთების მომენტში საია არ იყო ინფორმირებული კენჭისყრაში საბჭოს წევრების სკაიპით მონაწილეობის შესახებ.

 

მისივე თქმით, როდესაც სამეურვეო საბჭომ პირველად რამდენიმე თვის წინ გამოუცხადა უნდობლობა გიორგი ბარათაშვილს, ხმა ერთმა წევრმა იმ დროსაც სკაიპით მისცა და ეს სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ციმაკურიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ მინდობილობის გაცემა და ამ მინდობილობით სხვა პირის მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა წარმოადგენს პრობლემას. 

 

“ჩვენ არ ვეხებით სკაიპით ჩართვის მომენტს იმიტომ, რომ  ეს კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად არ არის გადაწყვეტილი, წარმოადგენს თუ არა პრობლემას, ეს უნდა გახდეს სასამართლო მსჯელობის საგანი.  სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს რამდენად კანონიერია, თუკი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გადაწყვეტს იჩივლოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამგვარი მონაწილეობა.  ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებას ხელი მოეწერა მინდობილობის საფუძველზე, ეს უკვე პრობლემაა”, – განუცხადა ეკა ციმაკურიძემ “ნეტგაზეთს”. მისივე თქმით, სასამართლოს რამდენიმე თვის წინ საერთოდ არ განუხილვას სხდომაში სკაიპით მონაწილეობის კანონიერება, რადგან იმ დროს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების უფრო დიდი საუფუძველი არსებობდა. 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *