ცესკო–ს განცხადებით, ცესკო–ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკო–ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.
თუ ზემოაღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
ცესკო–ს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა და პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
ცესკო–ს თავმჯდოამრეობის კანდიდატი თამარ ჟვანია 2012 წლიდან დღემდე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის – “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა” – მენეჯერი იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში, ასევე, “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” ვაშინგტონის ოფისში. ის პროფესიით სოციოლოგია.
ცესკო–ს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი კონსტანტინე ამირეჯიბი წლების განმავლობაში იყო ვაკის #2 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე. მას 2004 წელს მიღებული აქვს GIPA-ს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი.
რაც შეეხება მესამე კანდიდატს, მანუჩარ გამყრელიძეს, ის 2009–2010 წლებში ქობულეთის #82 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდომარე იყო, 2012–2013 წლებში კი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მე–3 კატეგორიის სპეციალისტად.

