როგორც ივანიშვილმა ესტონეთში ჟურნალისტების შესაბამისი კითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, იგი ბახტაძის კანდიდატურას არ განიხილავდა, თუმცა კარგად უკარნახეს, ბახტაძე კარგი ბიჭია და შესაძელოა, ერთ–ერთ ვარიანტად ისიც დარჩეს:

 

“სხვათა შორის, კარგად მიკარნახეს და შეიძლება ერთ–ერთ კანდიდატად ეგეც განვიხილოთ, კარგი ბიჭია, სხვათა შორის, და მე არ განვიხილავდი”.

 

ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ბახტაძე ის ‘საინტერესო პიროვნება”, რომლის შესახებაც იგი თავის ღია წერილში საუბრობდა, ივანიშვილმა ასე უპასუხა:

 

“მე არ განვიხილავდი, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ–ერთ ვარიანტად ეგეც დარჩეს”. 

 

შპს “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება. “საქართველოს რკნიგზის” პრესსამსახურში “თავისუფალი ზონის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრემიერის პოსტზე ივანიშვილის შემცვლელად ბახტაძის კანდიდატურა განიხილება, არასერიოზულს უწოდებენ:

 

“ეს არის ჭორი და ჭორზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ბახტაძის უტა ივანიშვილთან მეგობრობას, ეს მისი პირადი საქმეა. პირად ურთიერთობებს სამსახურში არ განვიხილავთ” –აცხადებს დაჩი ცაგურია.

 

“თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება. ბახტაძე “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად 2013 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. ”თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, ბახტაძეს რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილთან საკუთარმა შვილმა, უტა ივანიშვილმა გაუწია.

 

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წელს თბილიში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს- სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის შესახებ გამართულ კონსულტაციებში არ მონაწილებს და, შესაბამისად, არ იცის, განიხილება თუ არა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე. ამის შესახებ კომნეტარი ფინანსთა მინისტრმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა: “მე არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ კონსულტაციაში. რამდენადაც ვიცი, ასეთი კონსულტაციები არ ჩატარებულა, რომელზეც მომავალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა იყო განხილული. არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ფინანსთა მინისტრი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.”

 

4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი საინტერესო პირი იქნება და მას ამ პოსტიდან გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილი აქვს.

 

მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *