“რეფორმის მეორე ტალღის მიზანია, რიგითი მოსამართლეები თავიანთი ხელმძღვანელობის დიქტატისგან გათავისუფლდნენ და ის ვერტიკალი, რომელიც გულისხმობს უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ სასამართლოების მართვას სამინისტროების სტილში–ეს კულტურა დასრულდეს. ჩვენ გვინდა, რომ მართლმსაჯულება მუშაობდეს, როგორც მართლმსაჯულება, გვინდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები იყვნენ არჩევითი. ჩვენ გვინდა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმი გაჯანსაღდეს და იქ მხოლოდ ის წევრები იყვნენ, ვისაც პლენუმში სიტყვა ეთქმის და უნდა მონაწილეობდეს და იქ აღარ იყვნენ, ვთქვათ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები. ის ძალიან მავნე პრაქტიკა, რასაც ეხება ძალიან არასასურველი მოსამარლის მივლინებაში გაშვება, რასაც კულუარულად “მოსამართლის გაციმბირება” ერქვა ხოლმე, გვინდა შეიცვალოს”,– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სასამართლო რეფორმის გარდა, დღეს, 8 სექტემბერს ყვარელში იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაიწყო მუშაობა. მინისტრის განცხადებით, ცენტრში ტრენინგები ჩატარდება და საჯარო მოხელეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეხებოდა. საბჭო დაიშალა და ახალი შემადგენლობა მოსამართლეებმა, ფარული კენჭისყრის გზით, მოსამართლეთა კონფერენციაზე 9 ივნისს აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენ ექვსი წევრი კი პარლამენტმა დაამტკიცა.
